ახალი ამბები

მრავალი წელი ველოდით, მოხარული ვართ, პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებით – კობახიძე

17 ივნისი, 2022 • 709
მრავალი წელი ველოდით, მოხარული ვართ, პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებით – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარis, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, ხელისუფლება მოხარულია, რომ ევროკომისიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

ამის შესახებ მან დღეს, 17 ივნისს,  ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. კერძოდ, კომისია ევროპულ საბჭოს უწევს რეკომენდაციას, უკრაინასა და მოლდოვას დათქმებით მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოსთვის ოფიციალურად აღიაროს ევროპული პერსპექტივა.

რაც ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.

კობახიძის თქმით, ყველა გაზომვადი პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, თუმცა ისიც ესმით, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ  არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

„შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დანგრეულია ასობით ქალაქი და სოფელი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45 პროცენტით ვარდნას პროგნოზირებენ.

ამ ფონზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ის სტატუსს სწორედ ომის გამო იღებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა მოლდოვასაც. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო „წახალისება, რაც მის რთულ მდგომარეობას, მართალია, ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად გარკვეულწილად მაინც შეამსუბუქებს“.

„მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,5 პროცენტი შეადგინა, მოლდოვის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტი იყო. ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც 2,5-მილიონიან ქვეყანას, ბუნებრივია, უმძიმეს ტვირთად აწვება, ხოლო ევროკავშირს შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს“, – ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ  ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დსთ-ში მის წევრობაზეც კი „დახუჭა თვალი და ყველაფრის მიუხედავად, მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“.

„ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ერთ კვირაში საბჭოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდება.

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას: ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა“, – აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებაში საქართველოს  გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი, რაზე  ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიანიშნეს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირისგან ამ ქვეყნებისათვის გამოყოფილ ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიაზრებს, კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს.

თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება გარკვეულწილად გულდასაწყვეტია.

„თუმცა გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და, მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 ათას დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცე, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არის უმთავრესი, რაც საქართველოს შეუნარჩუნებს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობას და  აქედან გამომდინარე, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის კიდევ უფრო გასამყარებლად, მშვიდობის დასაცავად და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.

ვრცლად ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ იხილეთ აქ:

კანდიდატის სტატუსი — უკრაინას და მოლდოვას, პერსპექტივა — საქართველოს — ევროკომისიის რეკომენდაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი