ახალი ამბები

პარლამენტში ტექინსპექტირების არგავლისთვის ჯარიმების გაზრდაზე მუშაობენ

16 ივნისი, 2022 • 2588
პარლამენტში ტექინსპექტირების არგავლისთვის ჯარიმების გაზრდაზე მუშაობენ

პარლამენტში ტექინსპექტირების ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება იგეგმება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის “ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა. ის ჩართულია კანონპროექტის სამუშაო ვერსიის შემუშავებაში.

გიორგი შიოლაშვილის განმარტებით, ტექინსპექტირებას ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა კვლავ 50 ლარი იქნება, თუმცა გაიზრდება მომდევნო ჯარიმების თანხები.

კერძოდ: 50-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ მფლობელი ავტომანქანას ტექინსპექტირებაზე არ წარადგენს მომდევნო 30 დღის განმავლობაში, მეორედ დაფიქსირების შემთხვევაში მისი ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება, იმავეს განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარი გახდება, შემდეგ კი- 900.

შიოლაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა მექანიზმზე, რა უნდა მოხდეს 900-ლარიანი ჯარიმის შემდეგ.

შიოლაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილების შემოღების მიზეზი ტექინსპექტირებაზე ავტომანქანების მფლობელების დაბალი მიმართვიანობაა:

“2018 წლიდან დაიწყო ტექინსპექტირების რეფორმა. სტატისტიკებს რომ გადავხედოთ, 2019 წელს გატარებული ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 780 ათასი ერთეული იყო, შემდეგ 2020 წელი იყო პანდემიური და 2021 წელს ტექინსპექტირებაზე მისული ავტომობილების რაოდენობა იმაზე ნაკლებია, რაც 2019 წელს იყო.

ეს იმის გათვალისწინებით, რომ ავტოპარკი გაზრდილია დაახლოებით 170 ათასი ერთეულით. რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ წელს უკვე გადააჭარბა 1.5 მილიონს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მიმართვიანობის პროცენტი, რომლებმაც ტექინსპექტირებას მიმართეს, 2021 წლის მაჩვენებლით გამოდის 48%, 2019 წელს კი- დაახლოებით 56%. ანუ სერიოზული კლება გვაქვს”, – განმარტავს შიოლაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული რიცხვები მიუთითებს, რომ ავტომფლობელების გარკვეული ნაწილი ტექინსპექტირების გავლის ნაცვლად 50-ლარიან ჯარიმას იხდის და ისე გადაადგილდება.

რაც შეეხება კანონპროექტს, შიოლაშვილის თქმით, ამჟამად ამ სფეროში მომუშავე ბიზნესები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად მის საბოლოო სახით შემუშავებაზე მუშაობენ.

შიოლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, მისი განხილვა კი საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი