ახალი ამბები

ძალიან სუსტი ანალიზი იყო – კობახიძე ზურაბიშვილის ბრიფინგზე

14 ივნისი, 2022 • 945
ძალიან სუსტი ანალიზი იყო – კობახიძე ზურაბიშვილის ბრიფინგზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე „სუსტი ანალიზი“ წარმოადგინა. ამის შესახებ მან პალიტარნიუსთან ისაუბრა.

მისი თქმით, ამის  ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ინფორმაციის დეფიციტი იყოს.

„ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა, მათ შორის, შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებაში ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გამოტოვებული. როგორც კობახიძე ამბობს, „სრულიად გულუბრყვილობაა დაიჯერო“, რომ რეზოლუციის მიზეზი „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ხელისუფლების ცუდი მუშაობა იყო. მისი თქმით, ეს ღიმილის მომგვრელია.

ამასთან, კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა თავად გააკრიტიკა ევროპარლამენტის რეზოლუცია და ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და ბიძინა ივანიშვილს ერთ სიბრტყეში დაყენება უარყო. კობახიძის თქმით,  პრეზიდენტის ამ განცხადებას მმართველი გუნდი „დააფასებს“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელში ჩასულს „საკმაოდ დამძიმებული სურათი“ დახვდა.

მისი თქმით, გაფუჭებული საქმე ჰქვია იმას, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილას გადაინაცვლა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი, რაშიც გაფუჭებული საქმე გამოვლინდა, ევროპარლამენტის რეზოლუციაა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი.
ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა და არავინ შეიწყალა – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა

მასალების გადაბეჭდვის წესი