ახალი ამბები

“პატრონი მოუკვდათ” – ღარიბაშვილი აკერმანის გარდაცვალებაზე

13 ივნისი, 2022 • 2394
“პატრონი მოუკვდათ” – ღარიბაშვილი აკერმანის გარდაცვალებაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პიტერ აკერმანის გარდაცვალებით საქართველოში არსებულ „დესტრუქციულ ძალებს პატრონი მოუკვდათ“. ამის შესახებ მან დღეს, 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი საუბრობს „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელ პიტერ აკერმანზე, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენი კვირით ადრე საქართველოში იმყოფებოდა.

აპრილის დასაწყისში აკერმანმა ბაკურიანში შეხვედრა გამართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო მოძრაობებთან და ოპოზიციურ პარტიებთან. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აკერმანთან შეხვედრა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხება დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით.

„მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც დაწყებული კონტრაბანდული საქონლის შემოგზავნით და აქ რევოლუციის მოწყობა უნდოდათ, არ გამოუვიდათ და აღმოჩნდა ციხეში. შემდეგ გახსოვთ, რომ ჩამოიყვანეს ერთ-ერთი ცნობილი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი ბატონი აკერმანი, რომელიც საჯაროდ ჩამოვიდა, რომ მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა შემდეგ, ეს ცალკე თემაა. მოკვდა ის კაცი. პატრონი მოუკვდათ ე.ი. ამ დესტრუქციულ ძალებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პიტერ აკერმანი 2022 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი