ახალი ამბებიკომენტარი

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს როგორც ავტორიტეტის, ისე ლეგიტიმაციის პრობლემა ევროპაში

13 ივნისი, 2022 • 10694
ირაკლი ღარიბაშვილს აქვს როგორც ავტორიტეტის, ისე ლეგიტიმაციის პრობლემა ევროპაში

ავტორი : არჩილ იაკობაშვილიგერმანიის ქრისტიანულდემოკრატიული კავშირის წევრი

„ევროპელი სოციალისტების“ (PES — Party of European Socialists) ვებგვერდზე ყველა შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარე და სახელისუფლებო პოლიტიკის განმსაზღვრელია ირაკლი კობახიძე, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრია ირაკლი ღარიბაშვილი. 

მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ თავის შესახებ დღემდე ვერ შეძლო ინფორმაციის განახლება „ევროპელი სოციალისტების“ სათავო ოფისში. ვებ-გვერდის თანახმად, „ქართული ოცნება“ ევროპელებისთვის კვლავაც გიორგი კვირიკაშვილშია ჩარჩენილი.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/06/285894672_5465985926765018_7390334930957904223_n.png

ის ფაქტი, რომ სახელისუფლებო პარტია საკუთარი ინფორმაციის გასწორებას ვერ ახერხებს, კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემის არსს იმის ფონზე, რომ საქართველოს სახელით სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილი განაცხადის განხილვა უწევს ევროკავშირს.

როგორც ცნობილია, ევროპელ სოციალისტებს ჰყავთ 150 დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელთაგან გასულ კვირაში 40-მდე ევროპელმა სოციალისტმა დაუჭირა მხარი 308 ხმით გასულ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რაც კიდევ ერთხელ აღრმავებს შეკითხვას, საერთოდ რა მოტივით შეიტანა „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადი, თუ საკუთარ პოლიტიკურ ოჯახშიც არ ჰქონდათ საქმე დალაგებული?

საქმე ის არის, რომ ევროპელი სოციალისტები სერიოზულადაც არ აღიქვამენ „ქართულ ოცნებას“, რადგან კარგად იციან, რომ პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც პეს-ში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს, წარმოადგენს შუალედურ ინსტრუმენტს ჩრდილოვანი მმართველისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ აკონტროლოს საქართველოს პოლიტიკური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუციები. 

განსაკუთრებით პრობლემატურად განიხილება ირაკლი ღარიბაშვილის ფიგურა, რომელიც უკვე მეორედ, ბიძინა ივანიშვილის ახირებით მუშაობს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ისე, რომ პირადად მას არცერთხელ, არც 2016 და არც 2020 საპარლამენტო არჩევნებში არც კი მიუღია მონაწილეობა, არათუ მისი ლიდერობით გაემარჯვოს „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ჩატარებულ რომელიმე საპარლმანეტო არჩევნებში.

ამიტომაც იყო, რომ ბრიუსელში ჩასული ირაკლი ღარიბაშვილი ვერ გასცდა ევროპარლამენტის თავმჯდომარის მისაღებს მაშინ, როცა როგორც უკრაინის, ისე მოლდავეთის პრეზიდენტებს საჯარო გამოსვლები ჰქონდათ მთლიანად ევროპარლამენტის წინაშე.   

ე.ი. ევროპის ინსტიტუციებში ირაკლი ღარიბაშვილი არ აღიქმება პოლიტიკურ ლიდერად და აქვს როგორც ავტორიტეტის, ისე ლეგიტიმაციის პრობლემა, რაც ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიებში ერთი მედლის ორი მხარეა.

ამის შესახებ ყველაზე კარგად უწყის პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლის ფუნქციაა, ევროპელი სოციალისტების სათავო ოფისს აცნობოს „ქრთულ ოცნებაში“ ოთხი წლის წინ განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, მაგრამ ამას ვერ და/ან არ ბედავს ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი