ახალი ამბები

ორი დღეა, გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია – ხუნდაძე

13 ივნისი, 2022 • 1111
ორი დღეა, გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია – ხუნდაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მის ოჯახს აბულინგებენ მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს,  მასზე უარი უნდა თქვას.

ხუნდაძის თქმით,  დღეს ევროკავშირი და მისი წევრობის კანდიდატი ქვეყნები ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგანან და სწორი არჩევანი იქნება ყველასათვის სასარგებლო, ხოლო არასწორი – არავისთვის.

მისი თქმით, ამ დროს ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას და „გადაწყვეტილებაც ერთობლივად, ობიექტურად, ემოციების და ყოველგვარი სეგმენტაციის გარეშე უნდა იქნას მიღებული“.

„წესები უნდა დავიცვათ ქვეყნის შიგნითაც. და თუკი სიტყვის თავისუფლების მეტი ხარისხი გვსურს, პატივი უნდა ვცეთ საწინააღმდეგო აზრსაც. ორი დღეა, გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის. თუმცა ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შემაცვლევინებს! ასეთი ბულინგის ქვეშ გაიარა ჩემმა ოჯახმა მაშინაც, როდესაც „ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნას არანაკლებ მწვავე განცხადება მოჰყვა ჩემგან.

რა ვქნა? როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“. გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს, რომელიც არც ჩემი პერსონალური ინფორმაციების გავრცელებაზე და არც ტელეწამყვანის, მიშა მშვილდაძის მოწოდებულ ბულინგზე რეაგირებს?!

ლომჯარია “მიბრძანებს”, რომ გავჩუმდე: – „როგორ ბედავ ამის თქმას?!“, მეუბნება არჩეულ დეპუტატს. არადა, ასეთ ვითარებაში ჩემი გაჩუმებაც დანაშაულია და მისიც!“ – წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ხუნდაძის თქმით, მას „ღირსეული ევროპელობა“ სურს.

„მინდა გკითხოთ, რომელია ევროპული სტანდარტი? სიტყვის ამგვარი თავისუფლება? როცა ბინძური ენა ყველაფერს კადრულობს? თუ ერთი ჯგუფის სახალხო დამცველის დეპუტატისადმი სიჩუმისკენ მოწოდება? თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?! მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე!

შევთანხმდეთ ორივეზე და ქართველი ხალხისთვისაც და ჩემთვისაც ნანატრი სურვილი ახდება, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი, თანასწორი და ღირსეული წევრი, რომელიც საერთო პასუხისმგებლობას გაიზიარებს!“- წერს ხუნდაძე.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ 10 ივნისს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს “ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას. ხუნდაძის ამ განცხადებას გამოცემა “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელის თქმით, “არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”.

ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი და ხუნდაძეს მიმართა, რომ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მისცა.

„რაო? რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“ – დაწერა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი