ახალი ამბები

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ რეგიონებში ტურნე – „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო

13 ივნისი, 2022 • 684
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ რეგიონებში ტურნე – „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ დაიწყო 100- საათიანი ტურნე – „ერთად ევროპისკენ“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში მოსახლეობას შეხვდებიან.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა კოლეგებმა ნახონ, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ევროპას საქართველოში.

„ვიწყებთ 100- საათიან ტურნეს “ერთად ევროპისკენ”. ყველამ უნდა იცოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს პროცესი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, რომ ქართველ ხალხს ავუსხნათ სტატუსის მნიშვნელობა, ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ნახონ, რამხელა მხარდაჭერა აქვს ევროპას საქართველოში.

ჩვენ რაც შეიძლება მალე საქართველოში უნდა მოვიყვანოთ ევროპა, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის, საქართველომ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. დღეს ყველანი ერთად ვიწყებთ 100- საათიან ტურნეს საქართველოს გარშემო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, 17 ივნისს გამოქვეყნებდა. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე  წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი