ახალი ამბები

გამოიძიეთ „ოცნების“ წევრების სისხლიანი გარჩევა წალენჯიხაში — წითლიძე გომელაურს

13 ივნისი, 2022 • 782
გამოიძიეთ „ოცნების“ წევრების სისხლიანი გარჩევა წალენჯიხაში — წითლიძე გომელაურს

პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ანა წითლიძე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს, დაინტერესდეს და გამოიძიოს რამდენიმე დღის წინ წალენჯიხაში მომხდარი დაპირისპირება, რომელშიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები მონაწილეობდნენ.

დაპირისპირებაზე, რის შესახებაც ანი წითლიძე საუბრობს, „მთავარი არხი“ ჯერ კიდევ ორ ივნისს იუწყებოდა. ტელეარხის ცნობით, შემთხვევა პირველ ივნისს მოხდა, დაპირისპირების მიზეზი კი წალენჯიხის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთი გახდა.

ანი წითლიძის განცხადებით, წალენჯიხის ცენტრში მომხდარ გარჩევაში მონაწილეობდა წალენჯიხის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით ბელქანია და პარტიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა.

„აღმოჩნდა, რომ წალენჯიხის ყველაზე სტრატეგიული მიწა დათო ბელქანიას და გოგა გულორდავას მფლობელობაში აღმოჩნდა, რაც გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ნაცემი არის მერაბ კვარაცხელია, რომლის მდგომარეობა არის მძიმე. დაპირისპირების ორივე მხარეს არის დაჭრილი“, – განაცხადა წითლიძემ 13 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

ანი წითლიძის განცხადებით, გარჩევის მონაწილეები არ დაუკავებიათ.

„მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს… როგორც პარლამენტის წევრი, მზად ვარ, მოვიდე დაკითხვაზე, მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორ მონაწილეობენ გულორდავა და ბელქანია სისხლიან გარჩევაში; თუ როგორ აშანტაჟებენ და ზეწოლას ახორციელებენ რიგით წალენჯიხელებზე, რომლებიც შეესწრნენ ამ ინციდენტს“, – განაცხადა პარლამენტარმა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ინციდენტზე ინფორმაციის მისაღებად, – დაიწყო თუ არა გამოძიება და რომელი მუხლით. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი