ახალი ამბები

“ლელო” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, არ გამოიყენონ 20 ივნისის აქციის ტრიბუნა

11 ივნისი, 2022 • 2398
“ლელო” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, არ გამოიყენონ 20 ივნისის აქციის ტრიბუნა

“ლელო” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, არ გამოიყენონ ტრიბუნა 20 ივნისის დაგეგმილ აქციაზე – „შინ ევროპისკენ“.

როგორც „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ამ დღეს, არ უნდა იყოს არც ერთი დროშა გარადა საქართველოს და ევროკავშირისა და არ უნდა იყოს არც ერთი გზავნილი გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა. მისი თქმით, აქციაზე არ უნდა იყოს ნახსენები არც ერთი სხვა მიზანი გარდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა.

“20 ივნისი გარდამტეხი დღე იყო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირა ქართველმა ხალხმა, რომ მზად არის თავისუფალი მომავალისთვის, შვილებისთვის, ღირსებისთვის, ქვეყნის სწორი განვითარებისთვის ერთად დადგეს.

დღეს სწორდ ეს ღირებულებებია კვლავ საფრთხეში. დღეს, როდესაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ევროპულ გზაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა, კიდევ ერთხელ და უფრო ძლიერად არის ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი დასაცავი.

სწორედ ამიტომ, “ლელო”, მისი ლიდერები, წევრები, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მებრძოლები მოგიწოდებთ! გამოვიდეთ ყველა! 20 ივნისი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიგნალი უნდა იყოს, ყველასთვის, რომ საქართველოს მომავალი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, რელიგიური, ეთნიკური და სხვა სახის კუთვნილების მიუხედავად. დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით,  ეს უნდა იყოს ერთჯერადი შეკრება კონკრეტული ამოცანით.

„დავდგეთ პოლიტიკური ძალები აქციის რიგით მონაწილეებად ხალხთან ერთად, ტრიბუნა კი დავუთმოთ ახალგაზრდებს, ადამიანებს რომლებმაც უნდა შექმნან მომავალი“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.


სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” დააანონსა აქციის ჩატარება “შინ ევროპისკენ”. ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებული აქცია 20 ივნისს, 20 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იგეგმება.

“შინ ევროპისკენ” – “სირცხვილია” 20 ივნისს თბილისში აქციას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი