ახალი ამბები

იმ 308 ევროპარლამენტარიდან რეზოლუცია შეიძლება 250-ს წაკითხულიც არ ჰქონდა – სამხარაძე

11 ივნისი, 2022 • 1126
იმ 308 ევროპარლამენტარიდან რეზოლუცია შეიძლება 250-ს წაკითხულიც არ ჰქონდა – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ 308 ევროპარლამენტარიდან, რომელმაც საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, შესაძლოა მათგან 250-ს აღნიშნული ტექსტი წაკითხულიც არ ჰქონდეს.

ამის შესახებ სამხარაძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო. ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, ის შედგება სხვადასხვა პარტიისგან. შესაბამისად, იქაც პარტიული ხაზები და კუთვნილება ბევრ რამეს წყვეტს. ზოგადად, პარლამენტში, შეიძლება ბევრი ისეთი დეპუტატი იყოს, რომელიც პარტიული გადაწყვეტილებით აძლევს ხმას ამა თუ იმ რეზოლუციას.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 308 კაცზე, რომელმაც ხმა მისცა ამ რეზოლუციას, იმ 308 კაციდან, შეიძლება, 250-ს საერთოდ წაკითხულიც არ ჰქონდა ეს რეზოლუცია, მაგრამ რადგან მათი პარტიის წევრების მხრიდან იყო ეს ინიცირებული, აქედან გამომდინარე მათ ხმა მისცეს. ეს მარტო ევროპარლამენტში კი არა, ყველა პარლამენტში ასე ხდება, არ არის აუცილებელი ყველა დეპუტატმა ყველა რეზოლუცია იკითხოს. კონკრეტული ადამიანები, პასუხისმგებელი პირები არიან გამოყოფილი და ისინი რასაც ურჩევენ თავიანთ კოლეგებს, ისე აკეთებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. მოლდოვისა და უკრაინის შესახებ მსგავსი დათქმა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი