ახალი ამბები

„გადავეცი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიის კურსზე“ — მაკდონალდი პაპუაშვილთან შეხვედრაზე

10 ივნისი, 2022 • 1096
„გადავეცი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიის კურსზე“ — მაკდონალდი პაპუაშვილთან შეხვედრაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდი საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ვაშინგტონიდან საქართველოს დემოკრატიული ტრაქეტორიის მიმართ შეშფოთების გზავნილი პარლამენტისა და კომიტეტების თავმჯდომარეებს გადასცა.

მაკდონალდი საქართველოს მოუწოდებს, ხელიდან არ გაუშვას ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული უნიკალური შესაძლებლობა:

„ჩემი გზავნილი ამერიკიდან გახლავთ ჩვენი ძალიან ღრმა ერთგულება საქართველოს წინსვლის და ევროპული მომავლისთვის. ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს გარანტს სტაბილურობის, მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობისთვის ქვეყნისთვის და ჩვენ ვიცით, რა არის ამისთვის საჭირო. ეს არის გზა ამ მისწრაფებებისკენ, რომელიც არის საკმაოდ კომპლექსური და მოითხოვს დიდ შრომას. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრია კიდევ გასაკეთებელი. ჩვენ ვიყავით ნაწილი ამ ძალისხმევის და ასე გაგრძელდება მომავალშიც. შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომაროებთან.

ასევე მქონდა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან და ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ დავინახო უფრო ფართო სურათი იმ გამოწვევებისა, რაც არსებობს ქვეყანაში და იმ სამომავლო საქმიანობის, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ჩვენ განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და, რაც მთავარია, ის, თუ რა უნდა გაკეთდეს იმის მხარდასაჭერად, რომ მიიღწეს ქართველი ხალხის არჩევანი, რაც ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს. მე ასევე ჩამოვიტანე შეშფოთების გზავნილი ვაშინგტონიდან და გადავეცი, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის კუთხით.

მოგეხსენებათ, ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უპრეცედენტო რეგიონულ მოვლენებს, პუტინის მიერ პროვოცირებულ გაუმართლებელ ომს უკრაინაში, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსაც აქვს გამოცდილი. თუმცა, ამავდროულად, ჩემი ვიზიტი ემთხვევა უნიკალური შესაძლებლობას, რაც საქართველოს აქვს. ჩემი მესიჯია ძალიან მკაფიო, არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი. გაერთიანდით იმისათვის, რომ მიაღწიოთ, რაც სურთ ქართველ ხალხს. ამ ძალისხმევაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი და პარტნიორი გყავთ, მე შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, სახალხო დამცველს, ბევრი მოკავშირეა საერთაშორისო საზოგადოებაში“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი