ახალი ამბები

თუ ვერ დამტკიცდება ივანიშვილზე რაც წერია, ეს შეფასდება ცილისწამებად – სამხარაძე

10 ივნისი, 2022 • 647
თუ ვერ დამტკიცდება ივანიშვილზე რაც წერია, ეს შეფასდება ცილისწამებად – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა საქართველოზე ძალიან ცუდ დროს, ძალიან ცუდი რეზოლუცია მიიღო.

მისი თქმით, რეზოლუცია გაჯერებულია ფაქტობრივი უზუსტობებითა და შეცდომებით.

“შესაბამისად, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას აინიცირებენ და შემდეგ მას ხმას აძლევენ ამ მომენტში, თავს უწოდებდნენ, რომ ეს საქართველოსთვის კეთდება. ცალსახად ცუდი რეზოლუციაა”, – განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, ვინაიდან გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო იღებს, ევროპარლამენტის რეზოლუციას მაინცდამაინც დიდი მნიშნელობა არ ექნება.

რაც შეეხება იმას, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ, სამხარაძის თქმით, ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილისწამებად ჩაითვლება.

„თუ ვერ წარმოადგენენ ვერანაირ დამადასტურებელ ფაქტებს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს პოლიტიკური ან ბიზნესკავშირი კრემლთან, მაშინ ეს შეფასდება როგორც წილისწამება, ტყუილი და შეტევა როგორც პირადად ბიძინა ივანიშვილზე, ასევე მის მიერ დაფუძნებულ პარტიაზე[…] ყველაფერს, რაც იქ წერია, ამას სჭირდება დამტკიცება. თუ ეს ვერ დამტკიცდება, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ცილისწამება და ტყუილი. ამიტომ, ასეთი ზერელე განცხადებების კეთება არ შეიძლება, როდესაც შენ კონკრეტული ფაქტი არ გაქვს. მეც ძალიან მაინტერესებს, იქნებ წარმომიდგინონ ფაქტები, რა ფაქტები არსებობს მის კავშირებზე“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. მოლდოვისა და უკრაინის შესახებ მსგავსი დათქმა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი