ახალი ამბები

პარტნიორ პარტიად ყოფნა „ოცნების“ ბრმა მხარდაჭერას არ ნიშნავს — კალიურანდი

9 ივნისი, 2022 • 1174
პარტნიორ პარტიად ყოფნა „ოცნების“ ბრმა მხარდაჭერას არ ნიშნავს — კალიურანდი

ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) წევრი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ პარტნიორობა „ოცნების“ ბრმა მხარდაჭერას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

ნეტგაზეთმა მარინა კალიურანდს ჰკითხა, რითია გამოწვეული ის, რომ საქართველოს განაცხადის შესახებ (ევროკავშირის წევრობაზე) S&D-ს მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია; თუ აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, როგორც პარტნიორებთან, კომუნიკაცია.

როგორც ევროპარლამენტარმა გვითხრა, ის რეგულარულად ესაუბრება საქართველოს ელჩს ბრიუსელში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს, ასევე, ოპოზიციას, რათა ჰქონდეს ჭეშმარიტი და დაბალანსებული ინფორმაცია საქართველოს შესახებ.

„მე არ შემიძლია პასუხის გაცემა მთელი S&D ჯგუფის სახელით, მაგრამ შემიძლია კომენტარი გავაკეთო, როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ. პარტნიორ პარტიად ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის ბრმა მხარდაჭერას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მოკავშირეობა და მეგობრობა, საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციულ კრიტიკასაც ითვალისწინებს“, — განუცხადა კალიურანდმა „ნეტგაზეთს“.

“ქართული ოცნება” ხშირად აკრიტიკებს ევროპის სახალხო პარტიას (EPP), რომელიც ენმ-ის მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფია და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ინტენსიურად ეხმაურება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთივე პოლიტიკური პარტნიორი S&D-ის სახით ევროპაში მმართველ გუნდსაც ჰყავს, რომელიც არ გამოირჩევა მსგავსი აქტიურობით საქართველოსთან დაკავშირებით.

გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე კი, “ქართული ოცნების” პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკეს მედიის თავისუფლებისა და ჟურანლისტების უსაფრთხოების მხრივ არსებული პრობლემების გამო.

გირჩევთ წაიკითხოთ:

რატომ არ ჩანს “ოცნების” ევროპელი პარტნიორი პარტია

მასალების გადაბეჭდვის წესი