ახალი ამბები

სოცმედია ტროიკები თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა, დამნაშავეა – პაპუაშვილი

8 ივნისი, 2022 • 843
სოცმედია ტროიკები თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა, დამნაშავეა – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სოციალურ მედიაში რამდენიმე ათეული ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ეწევა.

ამის შესახებ მან დღეს, 8 ივნისს, პარლამენტში ისაუბრა, სადაც ანგარიშს წარადგენდა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს,  ე.წ. სოცმედია ტროიკები სოციალურ ქსელებში „კვაზიამხანაგურ“ სასამართლოებს მართავენ და ამით საზოგადოებაში აღქმებს ქმნიან.

„ზოგადი ტენდენცია, რასაც ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაა. მაგალითად, ამ შემთხვევაში, სასამართლოს დისკრედიტაცია, როდესაც ხდება ჩანაცვლება კვაზიამხანაგური სასამართლოებით, რომელიც სოცმედიაში იმართება და არის ე.წ. სოცმედია ტროიკები, ანუ მედია ტროიკები, რომლებიც თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა, დამნაშავეა, [თუ იტყვიან, რომ] ვიღაცა უდანაშაულოა, უდანაშაულოა.

ხალხი, რომელსაც რომ ჰკითხო, ძაან სალონურ ატმოსფეროში დაგისხდებიან და მოგიყვებიან, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა, რას ნიშნავს დემოკრატია და შემდეგ ამაზე ლექციას წაიკითხავენ თავისი PowerPoint-ის პრეზენტაციით. სინამდვილეში, სულის სიღრმეში არიან ტროიკის წარმომადგენლები, რომლებიც ასე დასხდებიან, კლავიატურაზე რაღაცას აკრეფენ, სტატუსს დაწერენ და იტყვიან – დამნაშავეა/არაა დამნშავე, მოძალადეა / არაა მოძალადე, პრორუსია / არაა პრორუსი, დემოკრატია / ანტიდემოკრატია… აი, ეს არის.

მერე ერთი ჯგუფი, რომ დავაკვირდეთ, საბოლოო ჯამში, რამდენიმე ათეული ადამიანი ქმნის ამ აღქმებს  და შემდეგ აღქმებით თუ იტყვიან, რომ რაღაც ძალადობა არის ძალადობა, თუ იტყვიან, რომ არ არის, არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი