ახალი ამბები

ინფორმაცია მაქვს, რომ „ოცნების” დეპუტატები ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავენ – ვაშაძე

8 ივნისი, 2022 •
ინფორმაცია მაქვს, რომ „ოცნების”  დეპუტატები ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავენ – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავენ. ამის შესახებ მან დღეს, 8 ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია აქვს, რომ მასზე თავდასხმის დავალება „ოცნების“ ხელმძღვანელობამ კონკრეტულ დეპუტატებს მისცა.

„წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ისინი აპირებენ ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში მოჭიდავე და გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ.

კიდევ ერთხელ მივმართავ „ქართულ ოცნებას”, რომ თქვენ პასუხი არ გაქვთ იმ საკითხებზე, რასაც ვსვამთ და გინდათ გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ქართულ საზოგადოებას თქვენ რეალურ სახეს ვაჩვენებთ – როგორ იბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; როგორი ფსევდოპატრიოტები ხართ; როგორ გინდათ, ისტორია გამოიყენოთ ხალხის ტვინის ასარევად და როგორ ებრძვით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ამ ყველაფერზე პასუხს მიიღებთ. ეს დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე. საიდან მაქვს ინფორმაცია, ამის თქმას თქვენთან არ ვაპირებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებს უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა და თქვა, რომ მის ცემას „ოცნების“ დეპუტატები არ აპირებენ.

„დღეს ჩვენთან დარბაზში იმყოფება ჩვენი კოლეგა ოპოზიციიდან, რომელიც მე პირადად მაგონებს მულტფილმს. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი მულტფილმი, „თაგვი და კატა”. თაგვს ორგანულად ეშინოდა კატის. გახდა ლომი, მაგრამ მაინც ეშინოდა კატის. ჩვენთან არის ასეთი დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს სხვადასხვა რაღაცებს, რომ ვიომოთ, გვასწავლის როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ, ამავდროულად, ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, საკუთარ კოლეგებთან სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას. ასეთი დეპუტატიც არის ამ სხდომათა დარბაზში.

ჩვენ ნამდვილად არ გიპირებთ, ბატონო გიორგი, ცემას, მაქსიმუმ თუ ვინმემ შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე. მაგისი გეშინოდეთ, ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ ამ ტინგიცობასა და შეურაცხყოფაზე გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ შემდეგს: სად თქვენ და სად ჩვენ. ამიტომ შეეგუეთ ამ რეალობას“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი