ახალი ამბებისაზოგადოება

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

8 ივნისი, 2022 •
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

დღეს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში  გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ.

რეზოლუცია ევროპარლამენტის მემარცხენე ჯგუფის (GUE/NGL) სახელით მოამზადა მიგელ ურბან კრესპომ.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი:

  • ღრმად შეშფოთებულია მზარდი საფრთხეებით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის საქართველოში;
  • გმობს გამოხატვის თავისუფლებაზე ყოველგვარ თავდასხმას და ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაუსვას წერტილი ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ ძალადობის, შევიწროების, დაშინებისა და ცენზურის ნებისმიერ გამოვლინებას;
  • დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, მედიის მუშაობაში ჩაურევლობის ჩათვლით, და უზრუნველყოს პრესის თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა;
  • მოითხოვს, ხელისუფლებამ შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და დისკრიმინაციული მოპყრობა მედიის წარმომადგენლების მიმართ, დაგმოს ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები და დაიკავოს ტოლერანტული, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოზიცია საჯარო განცხადებებში;
  • ადასტურებს, რომ ჟურნალისტზე თავდასხმების გამოძიების არარსებობა მოწმობს დაუსჯელობაზე, რომელითაც სარგებლობენ ამ დანაშაულების ჩამდენები; მოუწოდებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მკაცრი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ. კერძოდ, მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩატარდეს სრული, გამჭვირვალე, სანდო და მიუკერძოებელი გამოძიება  და პასუხისგებაში მიეცნენ 2021 წლის ივლისში 50-ზე მეტ ჟურნალისტზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები. ასევე, მოითხოვს სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიებას ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებების შესახებ;
  • კატეგორიულად გმობს ლგბტქი+ ადამიანების მიმართ სიძულვილის დისკურსს. მოუწოდებს ხელისუფლებას ლგბტქი+ ადამიანების უფლებების უფლებადამცველების დაშინების შეწყვეტისკენ;
  • კატეგორიულად გმობს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას მედიის ცენზურის და დაშინების მიზნით; მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ სასამართლოს დამოუკიდებლობა;
  • დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყონებლივ ჩაატაროს ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებელი გადახედვა და, იმავდროულად, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; ხელისუფლებას სთხოვს გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო დაკავებული ყველა ჟურნალისტის გათავისუფლებას;
  • მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ არსებული კანონმდებლობის გადახედვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ისე, რომ არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს მედიის თავისუფლების შემზღუდავ საკანონმდებლო კანონპროექტებს;
  • მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა უფლება ქალთა და ლგბტი+ უფლებებთან დაკავშირებით;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სუს-ის მიერ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და დიპლომატების თვალთვალი და მოსმენები. ითხოვს, პროკურატურის მიერ 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება იყოს სრულიად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი;
  • ევროკავშირს დაჟინებით მოუწოდებს, რომ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის და ადამიანის ძირითადი უფლებების სრულად უზრუნველყოფის ვალდებულებები იყოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი;
  • ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ომის და საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის გამო ევროკავშირმა თვალი არ უნდა დახუჭოს მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში.

პროექტის თანახმად, რეზოლუციის მიღების და ზემოაღნიშული მოწოდებების საფუძველი არაერთი ფაქტორია, მათ შორის, ის, რომ ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, თავს ესხმოდნენ, აშინებდნენ და უსმენდნენ ოპოზიციის წევრებს, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლება კი ასეთი ძალადობებისადმი ლოიალურ განცხადებებს აკეთებდა. რეზოლუციაში მოყვანილია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიში, რომლის თანახმადაც პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-60-დან 89-მდე ადგილამდე ჩამოქვეითდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ნათქვამია, რომ 2021 წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებმა მრავალი მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა გადაიტანეს და აგრესორებს შორის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ. მაგალითებს შორის მოყვანილია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები, როცა ხელისუსფლებამ, ნაცვლად იმისა, უზრუნველეყო პრაიდის უსაფრთხოება, მის მონაწილეებს ადანაშაულებდა ასეთი ღონისძიების გამართვის გამო, ასევე, ვერ უზრუნველყო ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენა და დასჯა. სავარაუდოდ, სუსი-დან გაჟონილი ათასობით ფაილი, რომელიც  ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, სასულიერო პირების და დიპლომატების მიმართ მოსმენებს ადასტურებს. რეზოლუციაში შესულია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება და მოყვანილია ომბუდსმენისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. პრობლემად არის მიჩნეული ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ. ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე, ექვემდებარება ხელისუფლების ჩარევას — 2020 წელს აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს კრიტიკული შეხედულებებისა და დამოუკიდებლობის გამო.

ევროპარლამენტმა უკრაინის მიერ განაცხადის გაკეთებიდან მეორე დღესვე, 1 მარტს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. 5 მაისს მსგავსი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებითაც. რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აცხადებს, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რეზოლუცია ევროპარლამენტს ჯერ არ მიუღია.

ამის ნაცვლად, ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით დღევანდელ დებატებზე განიხილავს რეზოლუციას მედიის უფლებების დარღვევაზე, რომელსაც 9 ივნისს ეყრება კენჭი. განხილვისას რეზოლუციის ტექსტში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებების შევიდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაში გამოეხმაურა ინიცირებულ რეზოლუციას და თქვა, რომ „მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი