ახალი ამბები

ფიგურული მოციგურავეებისთვის ასაკობრივი ცენზი ეტაპობრივად 17 წლამდე გაიზრდება – ISU

7 ივნისი, 2022 • 809
ფიგურული მოციგურავეებისთვის ასაკობრივი ცენზი ეტაპობრივად 17 წლამდე გაიზრდება – ISU

ფიგურული სრიალის საერთაშორისო კავშირმა (ISU) მიიღო გადაწყვეტილება სპორტსმენებისთვის ასაკობრივი ცენზის 15-დან 17 წლამდე ეტაპობრივად გაზრდის შესახებ.

ISU-ს კონგრესის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს სპორტსმენების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კეთილდღეობის დასაცავად. შედეგად, 2022-2023 წლის სეზონზე ასაკობრივი ცენზი უცვლელი რჩება და ასპარეზობას 15 წლის და მეტი ასაკის სპორტსმენები შეძლებენ, მომდევნო, 2023-2024 წლის სეზონზე კი მინიმალური ასაკი სპორტსმენებისთვის 16 წელი იქნება, რომელიც 2024-2025 და შემდეგ სეზონებზე 17 წლამდე გაიზრდება.

როგორც CNN წერს, ფიგურული სრიალის საერთაშორისო კავშირის აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება რუსი მოციგურავის, კამილა ვალიევას გარშემო პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დატრიალებულ სკანდალს.

15 წლის კამილა ვალიევა, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა, BBC-ს თქმით, უდავო ფავორიტი იყო, სანამ მის გარშემო დოპინგ სკანდალი ატყდებოდა. ზრდასრულთა შეჯიბრებებზე ასპარეზობა ვალიევამ ოქტომბერში დაიწყო და ამ მოკლე დროში არაერთი მსოფლიო რეკორდის დამყარება შეძლო.

თუმცა, მიუხედავად დოპინგზე ეჭვისა, ვალიევას მაინც მისცეს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება.

მოკლე პროგრამაში დამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა ვალიევამ პირველივე ნახტომზე შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი რამდენიმეჯერ ყინულზეც დაეცა. თუმცა, ნაცვლად სპორტსმენის გამხნევებისა, გამოსვლის დასრულების შემდეგ მისი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე სპორტსმენს, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა, ეკითხებოდა, თუ „რატომ შეწყვიტა ბრძოლა?“.

თუთბერიძე, რომლის მომზადების მეთოდებიც განხილვის საგანია, ვალიევას უმეორებდა – „რატომ დანებდი? ამიხსენი, ეს რატომ გააკეთე?“.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი