ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

7 ივნისი, 2022 • 1041
დავით ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს. ბერძენიშვილი საქართველოს პარლამენტში მივიდა.

მისი თქმით, ის მზად არის, კობახიძესთან დებატები პარლამენტშივე, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამართოს იმ საკითხებზე, რის შესახებაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს, 7 ივნისს ისაუბრა.

“დავდგეთ მე და კობახიძე და აქვე, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავმართოთ დებატები იმ საკითხზე, რაც მან დღეს წამოწია”, – თქვა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” წარმომადგენლების კრიტიკას ძმები ბერძენიშვილების მიმართ, დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ ისინი “ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები არიან, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ”:

“პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, პარტიის [ქართული ოცნების] თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე ძალიან არაადეკვატურები და არაკორექტულები არიან. ეს ხალხი “ვინც მოვიდა, გაუმარჯოს” კატეგორიიდანაა. “ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილან ოპოზიციაში.

არცერთი ხელისუფლების მიმართ გამოხატავდნენ პროტესტს, არც 7 ნოემბერს ყოფილან და არც 2009-ში საპროტესტო მიტინგების დროს. ეს არის გახელისუფლებულ “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ. რომ არ გაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ამბიცია, ბუნებრივია, რასაც გავალებენ, იმას იტყვი.

კომუნისტებიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლება ებრძოდა “რესპუბლიკურ პარტიასაც” და ძმებ ბერძენიშვილებსაც. რომელმა იხეირა?! ჩვენ არ დავმარცხებულვართ რომელიმე ხელისუფლებასთან. ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და, მით უმეტეს, ახლა, კობახიძისნაირი მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ”, – თქვა დავით ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მას და ხათუნა სამნიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ და კობახიძე და “მისი პარტნიორები” ამის “პოლიტიკურ განულებას” ცდილობენ, “რომ ხელისუფლება ეუბნება მის ორკებს, ხსნილია, აი, სიწმინდეებს გვიბღალავენ”.

მისი თქმით, “იდენტობის დაცვაზე” საუბრობდნენ გუშინ, 6 ივნისს, ის პირები, ვინც მას და ხათუნა სამნიძეს დაესხნენ თავს.

“რა [გურამ] ფალავანდიშვილი, რა კობახიძე, ერთი და იგივე ტექსტებს ლაპარაკობენ”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ამასთან, მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახლა, როცა ევროკავშირში საქართველოს წევრობის კანდიდატის საკითხი განიხილება, ქვეყანას ეს სტატუსი არ მიენიჭოს.


6 ივნისს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ.

როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.

“მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აჰყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბოლო კვირებია, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის განცხადება ერეკლე მეორესთან დაკავშირებით განხილვის თემაა.

პუბლიცისტმა ლევან ბერძენიშვილმა, – „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, – ერთ-ერთ იუტუბ-არხთან ინტერვიუში თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა, რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

რამდენიმე დღის წინ, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“. აქციაზე ასევე მოითხოვეს ერეკლე II-ის წმინდანად შერაცხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი