ახალი ამბები

თავდასხმიდან მე-2 დღეს კობახიძემ ბერძენიშვილებს „ქართული იდენტობის მტრები“ უწოდა

7 ივნისი, 2022 • 1567
თავდასხმიდან მე-2 დღეს კობახიძემ ბერძენიშვილებს „ქართული იდენტობის მტრები“ უწოდა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერზე, დავით ბერძენიშვილზე ქუჩაში თავდასხმიდან მეორე დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ ძმები ბერძენიშვილები ქართულ იდენტობას ებრძვიან.

„მინდა ვისაუბრო შეტევის ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ. გამოარჩიეს რამდენიმე ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, რომ ჩვენი ხალხის და ქვეყნის იდენტობა დაანგრიონ.

ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს — კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებლს — შვილების და შვილიშვილების აღზრდას. აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს.

პირველ რიგში, ესენი არიან ძმები ბერძენიშვილები, რომელთაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ. საიდან გამომდინარეობს ეს ზიზღი, არ ვიცი. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ — ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. თუმცა ეს არ არის უბრალოდ ერთი ზიზღით გამსჭვალული, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო.

მათ ძალიან კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად უნდა შეეხო ყველაზე წმინდას — ერის წინაპრებს, სარწმუნოებას, ეკლესიას“, —  განაცხადა კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დღეს, 7 ივნისს.

„იმისთვის, რომ გადააგვარო ადამიანი, უარი უნდა ათქმევინო დედაზე და მამაზე. ეს მათ იციან და, შესაბამისად, მარტივია მათი შეტევის სტრატეგია“, — დასძინა კობახიძემ.

მან „ნაცმოძრაობას“ კოლექტიური „დოქსოპულო“ და კოლექტიური „გიგლა ბერბიჭაშვილი“ უწოდა.

„ეს ადამიანები — ბერძენიშვილები, სააკაშვილები, ბოკერიები, გვარამიები თუ სხვები — არიან ჩვენი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი წინაპრები ანგრევდნენ, მაგრამ ამას არ დავუშვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი წარმატება ეროვნული იდენტობის ნგრევის გზაზე იყოს ნულოვანი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


6 ივნისს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ.

როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმებელმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.

“მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აჰყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბოლო კვირებია, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის განცხადება ერეკლე მეორესთან დაკავშირებით განხილვის თემაა.

პუბლიცისტმა ლევან ბერძენიშვილმა, – „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, – ერთ-ერთ იუტუბ-არხთან ინტერვიუში თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხდებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა, რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

რამდენიმე დღის წინ, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“. აქციაზე ასევე მოითხოვეს ერეკლე II-ის წმინდანად შერაცხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი