ახალი ამბები

“თითოეული საფლავისთვის პასუხს აგებთ” – უკრაინელი მღვდელმთავარი კირილეს

7 ივნისი, 2022 • 2510
“თითოეული საფლავისთვის პასუხს აგებთ” – უკრაინელი მღვდელმთავარი კირილეს

უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი რუსეთის ეკლესიის პატრიარქ კირილეს მიმართავს და აცხადებს, რომ მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამართლებისთვის. მიტროპოლიტ ლონგინის ვიდეომიმართვა უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

“მადლობა მინდა გადავუხადო მოსკოვის და მთლიანად რუსეთის პატრიარქ კირილეს. თქვენო უწმინდესობავ, მადლობლები ვართ თქვენი კურთხევისთვის… იმისთვის, რომ ხალხი იხოცება და სისხლი იღვრება. იმისთვის, რომ ბომბავთ ჩვენს მონასტრებს, ეკლესიებს, იმისათვის, რომ ხოცავთ ჩვენს მონაზვნებსა და მღვდლებს. მადლობელი ვართ, თქვენო უწმინდესობავ, სისხლისღვრაზე თქვენი დიდებული კურთხევისთვის. ეს უღმერთობაა.

თქვენ, ვინც კურთხევას აძლევთ ომს და სისხლისღვრას – პასუხს აგებთ. სწორად გაიგეთ – თქვენ პასუხს აგებთ ღმერთის წინაშე და არა ხალხის, დედების მიერ დაღვრილი თითოეული ცრემლისთვის. თითოეული ბავშვის ახალი საფლავისთვის თქვენ პასუხს აგებთ ღმერთის წინაშე. ეს ასე არ გეპატიებათ. თქვენ მთელი უკრაინის მართლმადიდებელი სამყარო დააზარალეთ. თქვენ დაგვაზარალეთ ჩვენ, უდიდესი ტკივილი მოგვიტანეთ. არ ეძებოთ საკუთარი სიმართლე და გამართლება”, – მიმართა მიტროპოლიტმა ლონგინმა პატრიარქ კირილეს.

მიტროპოლიტი ლონგინი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, თუმცა გასულ თვეში ეკლესიამ მოსკოვთან კავშირის გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

რუსეთის პატრიარქმა კირილემ გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთი თავს არასდროს არავის დასხმია და არავისთან ბრძოლა სდომებია. რუსული სამთავრობო მედიის, Ria-ს ინფორმაციით, 3 მაისს ქადაგებაზე კირილემ არხანგელის კათედრალში დაკრძალულ წმინდანებს სთხოვა, რუსეთის „წმინდა საზღვრები“ ურყევი დარჩეს, რუს ხალხს კი საკმარისი „სიბრძნე, გამძლეობა და ღირსება მიანიჭოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ საზღვრების დასაცავად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი