ახალი ამბები

ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩვენი ეკონომიკური ზრდის შესახებ – ღარიბაშვილი

6 ივნისი, 2022 • 3474
ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩვენი ეკონომიკური ზრდის შესახებ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გაოცებულები არიან მისი ევროპელი კოლეგები.

ამის შესახებ მან დღეს, 6 ივნისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, სიღარიბის დონე ბოლო წლებში ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული და 17.5%-მდეა შემცირებული.

„ამასობაში ჩვენც ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა. უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევანის [დავითაშვილის] საუბრებს სულ ახლახან, როცა ვიყავით ბრატისლავაში. ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს დღეს მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და 4 თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8%-იანი ზრდა, რაც ძალიან სასიხარულოა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.8 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • სასტუმროები და რესტორნები;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა.

ხოლო კლება შეინიშნება:

  • მშენებლობა;
  • დამამუშავებელი მრეწველობა;
  • პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობები;
  • ვაჭრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი