ახალი ამბები

ვერავინ მიუთითებს მართლმსაჯულებას, პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს — პაპუაშვილი

3 ივნისი, 2022 • 648
ვერავინ მიუთითებს მართლმსაჯულებას, პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასამართლოს ვერავინ მიუთითებს, რა დროში უნდა ჩაატაროს პროცედურები.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნულზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეაფასებდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილმა 2 ივნისს თქვა, რომ ვერ შეაფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას გვარამიას საქმეზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ “ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა გადავადებულიყო სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად არ იყო დროული”.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, “რაც შეეხება იმას, იყო ეს დროული, სათანადო დროს იყო თუ არ იყო, აქ, მგონი, ახსნაც კი ზედმეტია იმის, რომ ვერავინ მიუთითებს მართლმსაჯულებას, პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს”.

“ჩვენ როცა ვსაუბრობთ დღეს ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპა გულისხმობს კანონის უზენაესობას, როცა არის შესაბამისი პროცედურები და სასამართლო ამ პროცედურების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს”, — დასძინა მან.

პაპუაშვილის თქმით, სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს პოლიტიკური მიზანშეწონილობით და ამ კრიტერიუმით არ განსაზღვროს თავისი გადაწყვეტილების ვადები თუ შინაარსი.

“თუკი სასამართლო ასე მოიქცეოდა, სწორედ ეს იქნებოდა ან პოლიტიკური ჩარევა სასამართლოში, ან სასამართლოს პოლიტიზირება, თუკი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს დააყრდნობდა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას”, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და დაამატა, რომ ასეთი შეფასება უკვირს.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამ თემაზე:

რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

ომბუდსმენი პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების განხილვისკენ მოუწოდებს

გვარამია: თუ დამაპატიმრებენ, პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს არაფერი სთხოვოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი