ახალი ამბები

გვარამია: თუ დამაპატიმრებენ, პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს არაფერი სთხოვოთ

11 მაისი, 2022 • 30499
გვარამია: თუ დამაპატიმრებენ, პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს არაფერი სთხოვოთ

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 11 მაისს დაასრულა. „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასამართლომ დღეს მოისმინა მხარეების დასკვნითი სიტყვები, თუმცა გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

დასკვნით სიტყვაში გვარამიამ საზოგადოებას რამდენჯერმე მიმართა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, რომელსაც „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, „მთავარი არხის“ თანამშრომლებს სთხოვა, მისი დაპატიმრების შემთხვევაში მხნეობა შეინარჩუნონ, საზოგადოებას კი მოუწოდებს, დაეხმარონ ტელევიზიას, რომელიც ახლა პრობლემების პირისპირაა:

„მინდა მივმართო ჩემს მეორე ოჯახს, ყველას ყველაფერი სთხოვეთ, მთავარია, ფეხზე იდგეთ, მთავარია, იყოთ მხნედ, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ბედი, დაიმახსოვრეთ, ჰკიდია თქვენზე მნიშვნელოვანწილად. თუ ვინმე განაპირობებს იმას, რომ დღეს ქუსლით გასრესილი არ არის ყველა და ყველაფერი, მათ შორის ალბათ ერთ-ერთი პირველი ვართ ჩვენ. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, დაეხმარეთ ჩემს დიდ ოჯახს, ტელევიზიას.

არანაირი სხვა თხოვნა არ მაქვს. ჩვენ ახლა ძალიან გვიჭირს. ჩემი ტელევიზიაში არყოფნა, სავარაუდოდ, გაამწვავებს ამ პრობლემას, ამიტომ დაეხმარეთ ტელევიზიას, რომელიც დაიხურება, თუ ეს არ მოხდა, ყველას ვთხოვ ამას, ყველა ბიზნესმენს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავისუფლება, ყველა რიგით ქართველს, ყველას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დასკვნით სიტყვაში გვარამიამ ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს, მისი დაპატიმრების შემთხვევაში, შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ სთხოვონ, რადგანაც ეს გვარამიასთვის „დამცირება იქნება“:

„არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს. რამეთუ, ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ჩვენ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, ქართველ პატრიოტს მისგან არაფერი სჭირდება. რამეთუ, ადამიანი,, რომელიც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებლის, მესამე პრეზიდენტის სიკვდილს უყურებს და ამბობს, რომ არა და არასდროს, ამ ადამიანს, ყველას მოგიწოდებთ, მისი მიმართულებით სიტყვა არ დაიძრას, არა და არასდროს! ეს არის ჩემი პოზიცია მისივე ციტირებით“, – თქვა ნიკა გვარამიამ სხდომაზე.

ნიკა გვარამიას თქმით, ამავე საქმეზე დანარჩენი ბრალდებულებიც მის მსგავსად უდანაშაულონი არიან. თუმცა აცხადებს, რომ თუ ვინმე უნდა დააპატიმრონ, ურჩევნია, ეს თავად იყოს. გვარამია აცხადებს, რომ მზადაა, არარსებული დანაშაული აიღოს საკუთარ თავზე, თუ სხვა ბრალდებულებს გაათავისუფლებენ:

„შემდეგი, რაც მინდა გთხოვოთ, აქ სხედან სხვა ადამიანები ბრალდებულის სკამზე, რომლებიც რეალურად, სლენგით რომ ვთქვა, არიან “პრიკუპში” მოყოლილები, იმიტომ, რომ ჩემთვის ბრალის წარდგენა არ გამოვიდა მათ გარეშე. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, ყველას. თუ ვინმე უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო. ბუნებაში რაც არ არის იმას, ვიღებ ყველას საკუთარ თავზე”,- მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.

გვარამია აცხადებს, რომ თუ სასამართლო პატიმრობის ნაცვლად ჯარიმას მიუსჯის, ეს სიტუაციას არ დაამშვიდებს და აცხადებს, რომ თუ სასამართლო უდანაშაულო გვარამიას გამართლებას არ აპირებს, ბიძინა ივანიშვილისთვის უკეთესი იქნება, ის ციხეში იყოს, ვიდრე გარეთ:

„თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პატიმრობის არმისჯის პირობებში ჯარიმას მომისჯის და ეს რაიმე შემსუბუქება იქნება, ან ბიძინა ივანიშვილს ეს გადაარჩენს, ან ჩემი უმოწყალო შურისძიებისგან, ძალიან შემცდარა. აბსოლუტურად იდენტურად მივიღებ პატიმრობასაც და ჯარიმასაც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მკაფიო იყოს ჩემი სინდისი. ამიტომ, თუ სადღაც მაინც გაივლო ვინმემ თავში, რომ ამით სიტუაცია დამშვიდდება, არ დამშვიდდება. თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე უკეთესია, ნიკა გვარამია იყოს შიგნით, ვიდრე გარეთ – ამას ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები პირველ რიგში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი