ახალი ამბები

რუსეთი ამერიკის რთულ პარტნიორად დარჩება

6 აპრილი, 2010 • 2584
რუსეთი ამერიკის რთულ პარტნიორად დარჩება

ვუდრო ვილსონის ცენტრში ორშაბათს  პრეზენტაცია გაიმართა თემაზე „გადატვირთვის შეფასება: ობამას ადმინისტრაციის რუსეთის პოლიტიკა ერთი წლის შემდეგ.“ ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი ამერიკული პროგრესის ცენტრის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული დირექტორი, პროფესორი სამუელ ჩარაპი იყო.

გამოსვლა ბატონმა ჩარაპმა სამ ნაწილად დაყო. პირველ რიგში მან რუსეთ ამერიკის ურთიერთობების შეფასებისთვის საჭირო საწყისი წერტილი დაადგინა, შემდეგ ბარაკ ობამას ამერიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რუსეთთან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ბოლოს ამ ურთიერთობებში არსებულ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება.

ბატონი ჩარაპის თქმით ობამას რუსეთის პოლიტიკა „სუფთა ფურცლიდან“ არ დაუწყია.

„რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის სრული გაფუჭების მიზეზი, მოგეხსენებათ რუსეთ-საქართველოს ომი იყო 2008 წლის აგვისტოში, რომლის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.  შეერთებული შტატების რეაქცია რუსეთის მოქმედებებზე იყო ის, რომ პენტაგონმა ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან,“ განაცხადა პროფესორმა ჩარაპმა.  

მისივე თქმით, გარდა ამ მოქმედებებისა, როგორც ახლახან გამოაშკარავდა, თეთრ სახლში რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაც კი იგეგმებოდა საქართველოს მიმართ გამოჩენილი სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად. ამ ფონზე რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა და იმ დონეზე დაიძაბა, რომ მხარეებს საერთო საფრთხეებზე საუბრის დიპლომატიური ნებაც კი აღარ ჰქონდათ დარჩენილი.

ეგრეთ წოდებულმა „გადატვირთვამ“ დიპლომატიური ტაქტიკა შეცვალა. იმ პოლიტიკას, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია აწარმოებდა რუსეთის მიმართ ბატონმა ჩარაპმა „კისინჯერისეული რეალიზმი“ უწოდა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ „არაფერი შეიძლება გადაწყდეს მანამ, ვიდრე ყველაფერი არ გადაწყდება.“ ობამას ადმინისტრაციამ ეს ციკლი დაარღვია:

„საქართველოს ამბების შემდგომი დაძაბულობის გაგრძელება დაუშვებელი იყო. ასევე, დაუშვებელი იყოს ომამდელი სიტუაციის დაბრუნებაც. ამის გამო ობამას ადმინისტრაციამ საბოლოო მიზნად დაისახა რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში,“  აცხადებს ბატონი ჩარაპი.

2009 წლის აპრილში ლონდონში ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ლონდონის შეხვედრის შემდეგ რუსეთ-ამირიკის ურთეირთობებში რამდენიმე მნიშვნელოოვანი მიმართულებით დადებითი ძვრები შეინიშნება:

ბატონი ჩარაპის თქმით, ეს პროგრესი შემდეგ სფეროებში შეინიშნება: „ბირთვული იარაღის შემცირების ახალი შეთანხმება, რუსეთის მონაწილეობა ირანის ბირთვული პროგრამის აღკვეთის მიმართულებით, თანმშრომლობა ავღანეთში სტაბილურობის მისაღწევად და ერთობლივი საპრეზიდენტო კომისიის შექმნა.“

ბატონი ჩარაპის თქმით, ბირთვული გაუვრცელებლობის, იგივე სტარტის, ახალი პირობების მოლაპარაკებაზე მუშაობა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მისივე თქმით, ამერიკელებს დაავიწყდათ როგორ ეწარმოებინათ მოლაპარაკებები. ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულრების მიზნით „ამერიკამ თავიდან უნდა ისწავლოს ცეკვა.“

ბატონი ჩარაპის შეფასებით, რუსეთმა დაანახა ამერიკას, რომ ისიც მზადაა ნდობის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯერბის გადასადგამად. მაგალითად, თუ აქამდე მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოზე ირანის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვით იმუქრებოდა, ახლა საკუთარი ინიციატივით ჩინეთთან თანამშრომლობით შესთავაზა თეირანს ურანის რუსეთში გამდიდრება. ავღანეთის მიმართულებით, კი რუსეთი ნელი ტემპით, მაგრამ მაინც აკეთებს თანამშრომლობის დემონსტრირებას. მაგალითად, ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელის 25 პროცენტი ბალტიისპირეთიდან რუსეთისა და შუა აზიის ქვეყნების გავლით ჩრდილოეთ ავღანეთში ჩადის. სულ ორიოდე წლის წინ, რუსეთი მხოლოდ ფიქტიურად მონაწილეობდა სადისტრიბუციო ქსელში. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი მხოლოდ კვირაში ორ ფრენაზეა, საკუთარი ინიციატივით, მოსკოვმა ვაშინგტონს საჰაერო სივრცის გმაოყენების უფლებაც მისცა ავღანეთში არა-სამხედრო ტვირთის ჩასატანად.

 პროფესორი ჩარაპის თქმით, რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებამ საქართველოში რუსეთის შესაძლო მეორე აგრესია შეაჩერა:

„გაუმჯობესებულმა გარემომ ხელი შეუშალა ძალადობის მეორედ დაწყებას საქართველოში 2009 წლის აგვისტოში. რუსეთთან დამყარებულმა ახალმა საკომუნიკაციო მექანიზმებმა შეერთებულ შტატებს საშუელება მისცა შუამავლის როლი ეთამაშა იმ დორს, როცა დაძაბულობა უმართავ სპირალს ემსგავსებოდა,“ აცხადებს ის.

საქართველოში დაძაბულობის ჩაცხრობის გარდა, ბატონმა ჩარაპმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკასთან რუსეთის გაუმჯობესებულმა ურთიერთობამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, უკრაინაში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზეც იქონია დადებითი გავლენა.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი ბევრი მიმართულებით შეინიშნება, ჯერ კიდევ რამდენიმე სირთულეა გადასალახი. სიტყვით გამოსვლისას, ბატონმა ჩარაპმა პრეზიდენტი ობამას ციტირება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს საკითხი ორ ქვეყანას შორის პრობლემატურ საკითხად რჩება და „რთულია იმის გათვლა, თუ როდის დაემთხვევა ჩვენი შეხედულებები ერთმანერთს ამ საკითხთან დაკავშირებით.“

 ობამას ადმინისტრაციის ძალისხმევის შექებასთან ერთად, მომხსენებელმა ისიც განაცხადა, რომ ურთიერთობის „გადატვირთვის“ საწყის ეტაპზე ამერიკის ადმინისტრაციამ რამდენიმე შეცდომაც დაუშვა. კონკრეტულად კი ის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციის არასოწორი წარდგინებით, მსოფლიო საზოგადოებაში შექმნა მცდარი შეხედულება იმისა, რომ ვაშინგტონი პირველ პლანზე კრემლს აყენებს და შემდეგ ყველაფერ სხვას.

მეორე შეცდომად ბატონმა ჩარაპმა ნატოს გაფართოვებასა და საქართველოს თემაზე მოლაპარაკებებში სირბილის გამოჩენა დაასახელა.  ეკონომიკურ გათვლებშიც აღინიშნება გარკვეული სისუსტეები, კონკრეტულად კი ის, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს დახმარება აღუთქვა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება ამერიკის ინტერესების დაცვაც იქნება, მოსკოვს კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება ყველა იმ სირთულის გადასალახავად, რომლებიც მის გაწევრიანებას უშლის ხელს, ხოლო ამ დროის მანძილზე ობამას შეთავაზება მხოლოდ ფუჭ დაპირებად დარჩება.

ბატონმა ჩარაპმა ვაშინგტონის ძალისხმევა საბოლოო ჯამში დადებითად შეაფასა, თუმცა რამდენიმე საკითხზე ყურადღება არ გაამახვილა. კონკრეტულად კი იმაზე, რომ რუსეთ ამერიკის ურთიერთობები ერთგვარი ციკლებით მეორდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1945 წელს საბჭოთა კავშირი და ამერიკა ახლო მოკავშირეები იყვნენ ჰიტლერის დასამარცხებლად. მოგვიანებით კი ეს ურთიერთობა ცივი ომის კრიზისით დასრულდა. იგივე განმეორდა გორბაჩოვის მმართველობიდან ჯერ ელცინის და შემდეგ პუტინის პრეზიდენტობის დროსაც. ჯერ ამერიკა-რუსეთის ეგრეთ წოდებული გორი-ჩერნომირდინის კომისია შეიქმნა, რომელის ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურებას უწყობდა ხელს, ხოლო 2008 წლის აგვისტოში კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ფაქტიურად შეწყდა და თითქმის სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა.  

ახლა ობამა თავიდან იწყებს პარტინიორობის გაღრმავებას, მაგრამ წინ მრავალი იმედგაცრიების საფუძველი აქვს ორივე მხარეს. საქართველოსთვის საინტერესო ის იქნება, დაემსგავსება თუ არა ობამა-მედვედევის კომისია გორი-ჩერნომირდინის კომისიას და როდის დადგება იმედგაცრუება, რომელიც ურთიერთობებში მორიგ ციკლს დაასრულებს. 

ისტორიიდან და ორი ქვეყნის რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ალბათ უსაფრთხო იქნება იმისი დასკვნა, რომ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის ალიანსის წევრები არასოდეს იქნებიან და მოსკოვი ვაშინგტონისთვის ყოველთვის სასოწარკვეთის მომგვრელ და რთული პარტინორად დარჩება. ხოლო იმას, თუ რას ნიშნავს ეს პარტნიორობა საქართველოსთვის, მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი