ახალი ამბებიკომენტარი

ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთებაზეა მიბმული — არჩილ იაკობაშვილი

31 მაისი, 2022 • 8626
ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთებაზეა მიბმული — არჩილ იაკობაშვილი

ავტორი : არჩილ იაკობაშვილი. ეკონომიკის პროფესორი, ფინანსისტი, გერმანიის ქრისტიანულდემოკრატიული კავშირის წევრი

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დასავლეთის სავაჭრო-ეკონომიკური და ფინანსურ-პოლიტიკური სანქციები რუსეთის მიმართ უპრეცედენტოა საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში, რომელთა მიზანია რუსეთის დამარცხება არა მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკურ ომში, არამედ უკრაინის წინააღმდეგ მის მიერვე წამოწყებულ სამხედრო-საომარ მოქმედებაში.

ე.ი. სანქციების მიზანია, ფინანსური ნაკადების გადაკეტვის გზით რუსეთის შეჩერება, დასავლეთის დახმარებით უკრაინის სრულად განთავისუფლება და სუვერენიტეტის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყირიმის ჩათვლით.

დასავლეთი და პროდასავლური ქვეყნები აცნობიერებენ, რომ უკრაინაში შეჭრა წარმოადგენს მხოლოდ შუალედურ გეოპოლიტიკურ და სამხედრო მიზანს რუსეთისთვის. ამის გამო პუტინის რეჟიმმა არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს უკრაინაში, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება, შემდეგშიც დაარღვევს საერთაშორისო სამართალს და პირდაპირ ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას. შესაბამისად, დასავლეთის მხრიდან ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების სამხედრო-პოლიტიკური შედეგები პუტინისეული რუსეთის დასრულებას ისახავს მიზნად.

დასავლეთის მნიშვნელოვან მოთამაშეს, შიდა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, წარმოადგენს ევროკავშირი, რადგან რუსეთის დამპყრობლური ომი უკრაინაში, როგორც ევროპის ტერიტორიულად ყველაზე დიდ ქვეყანაში, უპირველესად  ევროპის სამხედრო-პოლიტიკურ და ფინანსურ-ეკონომიკურ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. 

ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს მიერ შეტანილი განაცხადი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების თავქუდმოგლეჯილი და დაუგეგმავი გადაწყვეტილებით „წილში ჩაუჯდა“ ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინას, ევროკავშირს აყენებს გამოწვევის წინაშე, თუ რამდენად სასარგებლო იქნება ევროპული სოლიდარობისთვის, დააკმაყოფილოს იმ ქვეყნის განაცხადი, რომელიც რუსეთისათვის ორმხრივი სანქციების შემოღებას, განსაკუთრებით ფინანსურ აქტივებთან მიმართებაში, დღემდე ვერ ბედავს.

ცნობისთვის, საქართველო არის საერთაშორისო სანქციების მონაწილე რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთის ფინანსური აქტივები საქართველოში კვლავაც ხელშეუხებელია, ხოლო სანქციები ფინანსურ აქტივებზე და სანქციები ფინანსურ ტრანსაქციებზე ორი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული კატეგორიებია.

საქართველოს განაცხადის განხილვაზე ევროკავშირი ოფიციალურად უარს არ იტყვის და, მით უმეტეს, არც უარყოფითად უპასუხებს, მაგრამ, სამწუხაროდ, დე ფაქტო უარყოფითი შედეგი მოსალოდნელია იმ შემთხვევაშიც, თუ ევროკავშირის საბჭო საქართველოს განაცხადს „თაროზე შემოდებს“ და პასუხის გაცემას გაურკვეველი დროით გადაავადებს.

იმისთვის, რომ ევროკავშირმა განაცხადი თაროზე არ შემოდოს, არამედ თუნდაც კრიტიკულად, მაგრამ მაინც განიხილოს და რეკომენდაციების შემცველი, მაგრამ პერსპექტიული პასუხი გაუგზავნოს საქართველოს, ევროკავშირი ყველაზე მეტად ყურადღებას მიაქცევს საქართველოს პოზიციის თანხვედრას ევროკავშირის პოზიციასთან რუსეთის წინააღმდეგ. თანხვედრის მთავარი კრიტერიუმი კი რუსეთის მიმართ სწორედ ორმხრივი სანქციების შემოღებაზე გადის, განსაკუთრებით, ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით.

ევროკავშირი ვერ მიანიჭებს წევრობის კანდიდატის სტატუსს იმ ქვეყანას, რომლის ტერიტორაზე ხელშეუხებლობით სარგებლობს რუსული ფინანსური აქტივები, რომლებიც დე ფაქტო პუტინის რეჟიმის და კრემლის მიერ კონტროლდება. 

ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რომ კრემლის თანხმობის გარეშე რუსეთში ერთ დოლარიც ვერ შევა და რუსეთიდან ერთი რუბლიც ვერ გავა. ეს თანაბრად ეხება ევროკავშირის წევრობის მსურველ საქართველოსაც და მოქმედ წევრ ქვეყნებსაც.

შესაბამისად, განაცხადზე შედეგის არაურყოფითობა დამოკიდებულია ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით რუსეთისათვის ორმხრივი სანქციების შემოღებაზე.


აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, როგორი შეიძლება იყოს განაცხადზე არაუარყოფითი პასუხი იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს განაცხადის განხილვის აუცილებელ წინაპირობას და უახლოეს პერიოდში რუსეთის მიმართ შემოიღებს სანქციებს ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით ?     

1). გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭება (ასეთი შედეგის ალბათობა: 10%), ევროკავშირი თვალს დახუჭავს დემოკრატიის დეფიციტზე, ეკონომიკის დაბალ კონკურენტუნარიანობაზე  და პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემებზე, ხოლო მათ გამოსწორებაში დახმარებას შეეცდება პროცედურულად ე.წ. „გაწვრიანების მოლაპარაკებების“ დაწყებით.

2) ასოცირების ხელშეკრულების კიდევ უფრო გაღრმავება (ასეთი შედეგის ალბათობა არის 60%) კანდიდატის სტატუსის გარანტიით წინასწარ განსაზღვრულ ვადაში, ალბათ, 2027 წლამდე. საქმე ის არის, რომ ასოცირებული წევრობის ფარგლებში მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა მაინც ნაკლებად დამოკიდებულია ევროკავშირზე (მაგალითად, 2021 წელს ევროკავშირის 27 ქვეყანაში ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 700 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო მხოლოდ რუსეთში – 700 მლნ დოლარი. ევროკავშირის ფინანსური დახმარება „რუსეთის ბაზრების“ ათვისებაზე არ უნდა მიემართებოდეს).

3) „კანდიდატის კანდიდატის“ სტატუსი (ასეთი შედეგის ალბათობა: 30%), რომელიც დემოკრატიის დეფიციტთან, მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციასთან და ა.შ. დაკავშირებით მნიშვნელოვანი დათქმების შემცველი იქნება, მაგრამ ვადები წინასწარ არ იქნება გაწერილი. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი