ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თბილისში – რა საკითხები განიხილეს

31 მაისი, 2022 • 2227
სომხეთის ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თბილისში – რა საკითხები განიხილეს

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ, პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად ვაჰაგნ ხაჩატურიანი 2022 წლის 3 მარტს აირჩია. მისი კანდიდატურა მმართველმა ფრაქციამ “სამოქალაქო თანხმობამ” წარადგინა. ვაჰაგნ ხაჩატურიანი პრეზიდენტობამდე მაღალტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. სომხეთის მეოთხე პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა თანამდებობა საკუთარი სურვილით 2022 წლის იანვარში დატოვა, რის საფუძვლადაც პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილება დაასახელა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები.

“შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, თბილისის ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.

“სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა”.

ოფიციალური თბილისის ცნობით, ღარიბაშვილის მედიაციით, ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანში ტყვედ მოხვედრილი სომხეთის 15 მოქალაქე რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს სომხურმა მხარემ დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.

ამ ფაქტის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის, მათ შორის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატურიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ტატევიკ კარაპეტიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი