ახალი ამბები

თსუ-ში სტუდენტებმა კანცელარია დაიკავეს და რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

31 მაისი, 2022 •
თსუ-ში სტუდენტებმა კანცელარია დაიკავეს და რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა, რომლებიც კვირებია ითხოვენ ჰიბრიდული სწავლების რეჟიმს – კერძოდ, ონლაინ გამოცდებს, კანცელარია დაიკავეს. ისინი რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

საქმე ის არის, რომ თბილისში ბინების საგრძნობლად გაძვირების ფონზე, სტუდენტები ვეღარ ახერხებენ ქირის გადახდას და დედაქალაქში ჩამოსვლას. ისინი კვირებია ითხოვენ, რომ სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდეს – ანუ სააუდიტორო ლექციებიც და გამოცდებიც ჩატარდეს ონლაინ იმ სტუდენტებისთვის, ვინც ფიზიკურად ვერ ახერხებენ თბილისში ყოფნას.

მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ე.წ. ფინალური გამოცდები უნდა დაიწყოს, რომელიც ფიზიკურად უნდა ჩატარდეს – ან აუდიტორიებში, ან მაღლივ კორპუსში.

 

„რექტორი არ ასრ ულებს მოვალეობას, არ უსმენს სტუდენტებს, არ მოდის შეხვედრაზე – ამიტომ ვითხოვთ, რომ მოვიდეს რექტორი და შეცვალოს ბრძანება“, – ამბობენ სტუდენტები.

განახლება: ნეტგაზეთს უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ოფიციალურ საიტზე მათი პოზიცია უკვე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თსუ ღია იქნება ნებისმიერი სამუშაო ფორმატით სტუდენტებთან დიალოგისთვის – „თუმცა ემიჯნება ძალმომრეობითი ხასიათის ნებისმიერ აქტს და სამუშაო პროცესის ჩაშლის მცდელობას“.

ამასთანავე,ონლაინ გამოცდების სანაცვლოდ უნივერსიტეტმა სტუდენტებს გამოცდებისთვის შესთავაზა ორი ალტერნატიული ადგილი.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა – ქუთაისსა და ახალციხეში, რათა მათ გამოცდაზე გამოცხადება გაუადვილდეთ.

ამ ეტაპისთვის სტუდენტების 0.6 % დარეგისტრირებულია ქუთაისის საგამოცდო ცენტრში, 0.2 % კი -ახალციხეში. რეგიონებში გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა, თსუ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გახანგრძლივდა და პროცესი 1 ივნისს, საღამოს 17:00 საათზე დასრულდება. კვლავ ათეულობით თავისუფალი ადგილია თსუ-ს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში“, – წერია განცხადებაში.

ნეტგაზეთი პასუხის მიღებას ცდილობს უნივერსიტეტისგან. მასალა განახლდება.

გარეკანი ფოტო: სოფი მოლაშხია


სტუდენტები სწავლის ფორმასთან დაკავშირებით უკვე კვირებია ცდილობენ შეთანხმებას მიაღწიონ უნივერსიტეტთან. მათი მთავარი მოთხოვნა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმია – ონლაინ და ფიზიკური სწავლების ერთობლიობა.

რექტორმა 13 მაისს ბრძანება გამოსცა, რომ შესაძლოა, 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართოს – თუმცა, ბრძანების მიხედვით, ფაკულტეტი თავად წყვეტს,შეუერთდეს თუ არა ჰიბრიდულ რეჟიმს, რასაც ფაკულტეტის ნაწილი არ აკეთებს.

ასევე, სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემურია შუალედური თუ ფინალური გამოცდები. სტუდენტების უმეტესობა გამოცდებს, როგორც წესი, თბილისში, საბურთალოს რაიონში, ე.წ. მაღლივ კორპუსში აბარებს.

ნახეთ ასევე:

„განათლების მიღმა ვრჩებით“ — ვინ და რატომ აპროტესტებს აუდიტორიებში სწავლის განახლებას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი