ახალი ამბები

EU-სგან კანდიდატობაზე უარი უკრაინის ელჩის გაწვევასავით ალოგიკური იქნება – კობახიძე

30 მაისი, 2022 • 914
EU-სგან კანდიდატობაზე უარი უკრაინის ელჩის გაწვევასავით ალოგიკური იქნება – კობახიძე

„ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, 30 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს გამართული ბრიფინგზე კობახიძემ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ოპოზიციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელის შეშლაში და აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი, როდესაც ქვეყანა და მისი ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც.

„საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. მათ შორის, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45 პროცენტი, რაც უპრეცედენტო შედეგია. ამ მონაცემებით საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს.

გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს“, – განაცხადა კობახიძემ

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გააწევრიანოს სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია.

„როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას- 17 წლის წინ, მონტენეგროს- 12 წლის წინ, სერბეთს- 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს – 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ვროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებ ამნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით – „პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში“.

„რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი.

კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი