„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტს აფერხებს მათ შორის უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევა, შემდეგ კი- მისი გათავისუფლება.
კობახიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან“ ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, პარლამენტის დელეგაციის მსგავსად, რატომ არ ჩადის პრემიერი უკრაინაში.
„რატომ არ ჩადის, მაგალითად, უამრავი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერი?!“ – თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
„ჩვენს შემთხვევაში, კონკრეტულად, არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს. ეს არის ის, რომ ელჩი თანამდებობიდან ჯერ იქნა გაწვეული ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ- საერთოდ გათავისუფლებული, თუმცა აქტი, როგორც ვიცი, არც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით.
პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში – ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში არის გარკვეულ დაბრკოლებებტან დაკავშირებული“, – აცხადებს კობახიძე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი იგორ დოლგოვი 1 მარტს გაიწვია კონსულტაციებზე. „მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – თქვა მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თითქმის 1 თვის შემდეგ, 30 მარტს განაცხადა, რომ პირველად მოაწერა ხელი დეკრეტს მაროკოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მან იქვე განაცხადა, რომ “საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი”.
ამ დრომდე უკრაინის ელჩის მოვალეობებს ანდრი კასიანოვი ასრულებს.