ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო წიგნის ფესტივალს აღარ უჭერს მხარს – ორგანიზატორი

28 მაისი, 2022 • 1292
კულტურის სამინისტრო წიგნის ფესტივალს აღარ უჭერს მხარს – ორგანიზატორი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი გვანცა ჯობავა აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო, 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ფესტივალს მხარს აღარ უჭერს; ის მიიჩნევს, რომ ეს პირადად მინისტრი თეა წულუკიანის გადაწყვეტილებაა.

„წელს პირველად, დაახლოებით თორმეტწლიანი (მეტი თუ არა) თანამშრომლობის შემდეგ, ჩვენი მხარდამჭერების რიგებში აღარ არის საქართველოს კულტურის სამინისტრო და, რა თქმა უნდა, სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქალბატონი მინისტრის, თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა“, – დაწერა გვანცა ჯობავამ ფეისბუკზე.

მისი თქმით, სამინისტრო ფესტივალს მხარს აღარ უჭერს „არა იმიტომ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიტერატურა ფესტივალებს საერთოდ არ საჭიროებს“.

„გაგიკვირდებათ და სფერო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე, ფრანკფურტის ფესტივალზე ყველაზე წარმატებული მონაწილეობით ლამის მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, არ აღმოჩნდა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ფესტივალების კონკურსის ჩამონათვალში, იქ იყო ყველაფერი, კინო, მუსიკა, ბალეტი, ოპერა და სხვა, მაგრამ არა ლიტერატურა. ჰოი, საოცრებავ! შესაბამისად, განმარტებაც არ აღმოჩნდა საჭირო, რატომ და რისთვის ჰკრა წიხლი კულტურის სამინისტრომ ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მთელი ქალაქისთვის საყვარელ ფესტივალს“, – წერს ჯობავა.

მისი თქმით, რომ ფინანსური პრობლემების გამო, „საგამომცემლო სექტორს, ლიტერატურის სფეროს, ათიათასობით მკითხველს და ჩვენს ქალაქს შეიძლებოდა 23 წლიანი ისტორიის შემდეგ, მისთვის ასე საყვარელი წიგნის ფესტივალი უბრალოდ დაეკარგა და ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მიზნადაც დასახული“.

„გარდა წიგნის ფესტივალისა, ლიტერატურული პრემია „ლიტერასი“, ნგრევა, – და მე დღეს არსებულ სიტუაციას სხვას ვერაფერს დავარქმევ გარდა ნგრევისა, – დაიწყო უფრო ადრეც, როდესაც ასევე ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი გვითხრა იმ ერთადერთ პროექტზეც, რომელიც წელიწადში ერთხელ საქართველოს 65 მთავარ ბიბლიოთეკას დაახლოებით 900-900 ლარის ღირებულების სრულიად ახალი წიგნებით ამარაგებდა“, – აცხადებს ჯობავა.

„რა სამარცხვინოა, ებრძოდე თავისი საქმის პროფესიონალებს, ებრძოდე ყველაზე არასამართლიანი მეთოდებით. რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა“, – წერს გვანცა ჯობავა.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი