ახალი ამბებიეკონომიკა

დავითაშვილი: 2022-ში პროგნოზირებულზე მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს

27 მაისი, 2022 • 6768
დავითაშვილი: 2022-ში პროგნოზირებულზე მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას აცხადებს, რომ ქვეყანაში დადებითი ეკონომიკური დინამიკა ფიქსირდება და აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს, ვიდრე ამას საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა რამდენიმე მიმართულება მათ შორის ეკონომიკის მინისტრი ექსპორტისა და გადაზიდვების ზრდას გამოყოფს:

„გვაქვს კარგი დინამიკა წლის დასაწყისიდან. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 14,4 პროცენტია. სხვა მიმართულებითაც გვაქვს დადებითი დინამიკა. ეს არის ექსპორტის მიმართულება. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც უნდა იყოს პოტენციური მაკომპენსირებელი, ეს იქნება გაზრდილი გადაზიდვები ჩვენს კორიდორში. დღეს ე.წ. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდას უკვე ვხედავთ.

დაახლოებით 10%-ზე მეტით გაიზარდა ტვირთის გადაზიდვა საქართველოში. განსაკუთრებით ჩვენს პორტებში გაიზარდა ტვირთების ბრუნვა. შესაბამისად, 2022-ში ჩვენი აზრით საქართველოს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საფინანსო ინსტიტუტებს ჰქონდათ პროგნოზირებული“ – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

საერთაშორისო მონეტარული ფონდის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2 პროცენტით გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი