ახალი ამბები

“ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს” – სასწრაფოს თანამშრომლებმა თბილისში აქცია გამართეს

27 მაისი, 2022 • 1330
“ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს” – სასწრაფოს თანამშრომლებმა თბილისში აქცია გამართეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ხელფასების ზრდის მოთხოვნით დღეს, 27 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქცია გამართეს. მათი თქმით, ამ მოთხოვნით აქციის გამართვამდე ისინი ჯანდაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების ცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები განმარტავენ, რომ კორონავირუსის პანდემიისას მათ სახელფასო დანამატები ერიცხებოდათ, თუმცა აპრილიდან, მას შემდეგ რაც კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, მათ აღნიშნული დანამატიც მოეხსნათ.

“ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასის მატება. აპრილის თვემდე ასე თუ ისე მეტი შემოსავალი გვქონდა, რასაც ე.წ. კოვიდ დანამატი განაპირობებდა. მაგრამ ეს კოვიდ დანამატი აღარ გვაქვს… შარშანაც იყო დაპირება, რომ ეს კოვიდ დანამატი ისე არ მოიხსნებოდა, თუ არ აისახებოდა ხელფასში იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინფლაციის და ფასების ზრდის ფონზე ჩვენი ყოველწლიური ანაზღაურება არარეალური და დაბალი იყო. თუმცა ეს დაპირება დაპირებად დარჩა, დანამატი მოგვეხსნა და აღმოვჩნდით დაბალი ხელფასით, რომელიც არანაირად აკმაყოფილებს ჩვენს საოჯახო მოთხოვნებს”, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი “რადიო თავისუფლებასთან”.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი “მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირია”. მისი წარმომადგენელი, ირაკლი ამირანაშვილი აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრის ორ მოადგილეს და საგანგებო სიტუაციების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მისი თქმით, შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ახალ მოდელს შეიმუშავებდნენ და დასაქმებულებს ხელფასები დატვირთვიდან გამომდინარე გაეზრდებოდათ, თუმცა ეს არ შესრულდა.

ირაკლი ამირანაშვილი განმარტავს, რომ ამჟამად სასწრაფოს უფროსი ექიმებს ერთი თვის განმავლობაში 7.5 მორიგება უწევთ, მათი ხელფასი კი მორიგეობების გათვალისწინებით 1200 ლარს შეადგენს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულების მოთხოვნები სამომავლოდაც არ შესრულდება, აქციები გაგრძელდება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ადასტურებს, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან.

ამასთან, ცენტრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა და მხოლოდ ის ფულადი დანამატი მოეხსნათ, რომელიც კოვიდპანდემიისას გაზრდილი გამოძახებების და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით ჰქონდათ დანიშნული.

“ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ”, – განმარტებულია ცენტრის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ განცხადებაში.

ამასთან, მათი განცხადებით, დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს სამუშაო საათები თვეში 192 საათიდან 156 საათამდე შეუმცირდათ ისე, რომ ხელფასები არ დაჰკლებიათ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განმარტავს, სასწრაფოს თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს:

“საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2000 ლარს, ექიმის 1700 ლარს, ექთნის 1300 ლარს, მძღოლის 1200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24 საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). აღსანიშნავია, რომ მათ ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები.

ასევე, მიმდინარეობს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესი.უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა. მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების გაცემა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ასევე აცხადებს, რომ ხელმძღვანელები მზად არიან თანამშრომლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრები გააგრძელონ, “რათა საქართველოს მოქალაქეთა და ცენტრის თანამშრომელთა საუკეთესო ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი