ახალი ამბები

ზაპოროჟიესა და ხერსონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა

25 მაისი, 2022 • 986
ზაპოროჟიესა და ხერსონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის გამარტივებული პროცედურა იმოქმედებს.

გამარტივებული პროცედურით, უცხოელებს უფლება აქვთ მოითხოვონ რუსეთის მოქალაქეობა ისეთი პირობების დაკმაყოფილების გარეშე, როგორიცაა რუსეთში ცხოვრების ხუთწლიანი პერიოდი, საარსებო წყარო და რუსული ენის ცოდნის ტესტი. ასეთი პირებისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება განცხადების შეტანისა და დოკუმენტების წარდგენის დღიდან არაუმეტეს სამი თვეში უნდა განხორციელდეს.

2019 წლიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული პროცედურით შეეძლოთ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მაცხოვრებლებს. პუტინის მიერ ხელმოწერილი ცვლილებებით, სიას ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიც დაემატა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო მოსკოვის ნაბიჯი, რომელიც უადვილებს უკრაინელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეობის მიღებას.

„არალეგალური პასპორტიზაცია ხერსონისა და ზაპორიჟჟიის რეგიონებში, ისევე როგორც ყირიმში და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ნაწილებში, არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების და რუსეთის ვალდებულებების უხეში დარღვევა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთ სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, „რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება იურიდიულად ბათილია და არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგები, ისევე როგორც, ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელების მოქალაქეობაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი