ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილმა კობახიძეს “საშიში კაცი” უწოდა

25 მაისი, 2022 • 1882
უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილმა კობახიძეს “საშიში კაცი” უწოდა

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ირაკლი კობახიძეს „საშიშ კაცად“ აფასებდა. უსუფაშვილმა ამის შესახებ დღეს, 25 მაისს, პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე დებატებისას განაცხადა.

უსუფაშვილმა თავისი გამოსვლა ივანიშვილის მოკითხვით დაიწყო.

„მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არ მგონია, კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს. 10 წლის თავზე იმ დღიდან, როდესაც თქვენ პოლიტიკაში შემოსვლიდან პირველივე საჯარო გამოსვლაში სტრატეგიული პარტნიორობა შემომთავაზეთ თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – მიმართა უსუფაშვილმა ივანიშვილს.

უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ კობახიძის შეფასება გაიხსენა და მას მიმართა, რომ დღეს კობახიძის განცხადებები ქვეყნის პარტნიორებს შოკში აგდებს. მისი თქმით, დღეს ქვეყანას შანსი აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს.

უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ასე მიმართა:

„ისიც კარგად მახსოვს გაოგნებული რომ იყავით, ეს რა საშიში კაცია მგონიო, მეორე ირაკლიზე [კობახიძეზე] ამბობდა – მაგიდის გარშემო გამალებულ დებატებში ვსხედვართ და შეუძლია 3 საათი იყოს აბსოლუტურად ჩუმად და აბსოლუტურად უემოციო სახითო, საშიში კაცია ესო. ახლა განსხვავება ისაა, რომ დღეში 3 საათი ლაპარაკობს ეს კაცი, ოღონდ იგივე კაცია და ყოველდღე იფრქვევა მარგალიტები, რომელიც ნაცთმოძულე ქართველებს გულს ფხანს და სიამოვნების ექსტაზიდან არის ეს ხალხი გამოსაყვანი და ევროპას, საითაც მივდივართ, შოკში აგდებს ყოველდღიურად, მუდმივად, კონვეიერულ რეჟიმში. გვიკვირს რომ ვინმე იქიდან კითხვებს სვამს და აღარ გვენდობა, ვერ გაიგო რა ხდება და რა უნდა ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც შანსები მიეცა. დღეს გვაქვს შანსი, მაგრამ ამ შანსს სჭირდება გამოყენება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი