ახალი ამბები

ჩვენ ევროკავშირის წევრობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია – ღარიბაშვილი

25 მაისი, 2022 • 763
ჩვენ ევროკავშირის წევრობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან შვეიცარიაში, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ განაცხადა.

ღარიბაშვილს პანელის მოდერატორმა The New York Times-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელმა, მატინა სტევის-გრიდნეფმა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივის – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის კონტექსტში ჰკითხა, რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს ახალი გაერთიანებები საქართველოსთვის.

ღარიბაშვილის თქმით, ისეთი ინიციატივა, რაც საქართველოს ევროკავშირთან უფრო დააახლოებს, მისაღებია, თუმცა ქვეყნის საბოლოო მიზანს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს, რასაც ალტერნატივა არ აქვს.

“საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია. ძალიან ლოიალური და ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს.

მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ეს მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევია სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ და ხელშესახები შედეგებიც ვიქონიეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სახით, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის.

სულ ახლახანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარვადგინეთ. თქვენს კითხვაზე პასუხად მოგახსენებთ, რომ რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან და მასში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია.

როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ – მაქსიმუმს გავაკეთებთ – იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, რიგში ხალხის მოლოდინები გასათვალისწინებელი, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების იდეას და ახლა საჭიროა ამ ხალხის მოლოდინების მართვა.

„ახლა საკითხი ასე დგას – გავზრდით ჩვენ ამ მოლოდინებს და ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს ამ, ასე ვთქვათ, სიმბოლურ, პოლიტიკურ დეკლარაციას და აღიარებას, რომ საქართველო არის ამ ევროპული ოჯახის ნაწილი, თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო, შესაძლოა, ეს მოგვიანებით განვიხილოთ და ა.შ. ჩვენ გვსურს მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ ევროკავშირში არ  სურთ ახალი ქვეყნების პრობლემების დამატება, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობას.

„მანამდე ჯერ კიდევ გრძელი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის და ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც არის ასოცირების შეთანხმება, მაგრამ ჩვენ ევროკავშირისგან გვსურს სიცხადე. ჩვენ გვჭირდება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ემხრობა ახალი ტიპის „პოლიტიკური ევროპული თანამეგობრობის“ შექმნას, რომელიც ევროკავშირის მიღმა მყოფ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინასა და ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, შეუერთდნენ ძირითად ევროპულ ღირებულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი