პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ლიკა ბასილაია-შავგულიძე აირჩია. კენჭისყრა დღეს, 24 მაისს, გაიმართა და მას მხარი 52-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს სამი პირი უნდა შეერჩია. მათგან ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარდგენილი, ლაშა ტუღუში — სახალხო დამცველის, ხოლო ლიკა ბასილაია-შავგულიძე ენმ-მ წარადგინა.
აპრილში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილი ვასილ მაღლაფერიძე და სახალხო დამცველის კვოტით ლაშა ტუღუში აირჩიეს.
ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურამ პირველ ცდაზე საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ვინაიდან ენმ-მ ვასილ მაღლაფერიძეს მხარი არ დაუჭირა, პასუხად კი „ოცნებამ“ აღარც მათ დასახელებულ კანდიდატს მისცა ხმა.