ახალი ამბები

რუსეთმა ქალაქი სვიტლოდარსკი დაიკავა – უკრაინული მხარე

24 მაისი, 2022 • 2662
რუსეთმა ქალაქი სვიტლოდარსკი დაიკავა – უკრაინული მხარე

უკრაინის დონეცკის ოლქში, ბახმუტის რეგიონის ქალაქ სვიტლოდარსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გოშკოს ცნობით, რუსეთის ჯარებმა 24 მაისის დილისთვის დაიკავეს ქალაქი სვიტლოდარსკი.

„ამჟამად ისინი ადმინისტრაციის შენობაზე ჰკიდებენ თავიანთ „ტრიაპკას“ [რუსეთის დროშას]“ – განაცხადა გოშკომ.

მისი თქმით, შეიარაღებული ოკუპანტები უკვე დადიან ქუჩებში და ადგილობრივ მოსახლეობას საბუთებს უმოწმებენ.

„ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც მე ვეკონტაქტები, ამბობს, რომ დიდი რაოდენობით [ოკუპანტებს] ვერ ხედავენ. არის ცალკეული, ხუთ-ხუთკაციანი ჯგუფები“, – ამბობს იგი.

გამოცემა უნიანის ცნობით, უკრაინის არმიამ დროებით სვეტლოდარსკიდან უკან დაიხია, „რათა თავდაცვისთვის უფრო მოსახერხებელი პოზიცია დაიკავოს“.

ინფორმაცია უკრაინის მიერ სვიტლოდარსკის დათმობის შესახებ უკრაინის მხრიდან დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე ვრცელდებოდა.

ქალაქ სვიტლოდარსკში 2014 წლის ომის დროსაც მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები. ქალაქი დონეცკის „სახალხო რესპუბლიკასთან“ ფრონტის ხაზის სიახლოვეს მდებარეობდა. კონფლიქტის გამო ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამასთან, ქალაქში 2016 წელს მიმდინარეობდა „5-დღიანი ომი“, რის შემდეგაც ეუთომ ქალაქში განთავსებული მონიტორინგის მისია დროებით გაიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი