ახალი ამბები

“შენი სიჩუმე კლავს” – ფემიციდთან დაკავშირებით საქართველოს სამ ქალაქში აქცია გაიმართა

22 მაისი, 2022 • 955
“შენი სიჩუმე კლავს” – ფემიციდთან დაკავშირებით საქართველოს სამ ქალაქში აქცია გაიმართა

თბილისში, გუშინ მომხდარ ფემიციდთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სამ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში აქცია-პერფორმანსები გაიმართა. აქციის, სახელწოდებით “შენი სიჩუმე კლავს”, ორგანიზატორები იყვნენ “ქალთა ასოციაცია გვირილა”, “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი” და “ფემინა”.

“ფემინას” ხელმძღვანელის, ქალთა უფლებადამცველის, ნინო ბაისონაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციის მთავარი ადრესატი საზოგადოება იყო, რადგან შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვა ადამიანების თვალწინ მოხდა, მკვლელი კი არავინ შეაჩერა:

“გუშინდელი შემთხვევა განსაკუთრებით წარმოაჩენს სოციუმის გულგრილობას, რადგან ეს არა დახურულ სივრცეში, კარს მიღმა, არამედ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა, ფაქტის თავიდან ასაცილებლად კი საზოგადოებამ არაფერი გააკეთა. არც პოლიციას დაურეკა და არც თავად განარიდა მოძალადე”, – განმარტავს ბაისონაშვილი “ნეტგაზეთთან”.

გუშინ, 21 მაისს ავტობუსში ქმარმა შვილების თვალწინ მოკლა ცოლი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამნაშავე შემთხვევის ადგილზევე დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის დღეს წაუყენა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გარეკანის ფოტო: ეთერ არსანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი