ახალი ამბები

ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია – CPJ

21 მაისი, 2022 • 1835
ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია – CPJ

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია, მისცეს მას და საქართველოში მედიის ყველა სხვა წარმომადგენელს თავისუფლად მუშაობის საშუალება”, — აღნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი”(CPJ).

ორგანიზაცია ახსენებს გვარამიას კოლეგების, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობოების მოსაზრებას, რომლის თანახმადაც “მთავარი არხის” დირექტორის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს “ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის დადუმებას”.

CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის თქმით:

“ნიკა გვარამიას მიმართ მკაცრი სასჯელი იძლევა ყველა მინიშნებას, რომ ის გამოტანილია არა მხოლოდ არასასურველი მედია მენეჯერისა და ჟურნალისტის გასაჩუმებლად, არამედ ქვეყნის კრიტიკული მედია საშუალებების მიზანში ამოსაღებად”.

“საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გვარამიას საქმის განხილვა, თავი შეიკავოს ოპოზიციურად განწყობილი პრესის შევიწროებისგან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმის საჩვენებლად, რომ მზად არის, პატივი სცეს მედიის მრავალფეროვნებას”.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხევა პერიოდს, როცა გვარამია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იყო.

ის დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი