საზოგადოება

გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით ხმის ჩახშობაა – Amnesty International

17 მაისი, 2022 • 1076
გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით ხმის ჩახშობაა – Amnesty International

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით,  „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი  პოლიტიკური მოტივით ხმის ჩახშობაა და ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

Amnesty International-ის დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მარი სტრუტერსი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული უხეში დევნა მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ.

„მას ახლა გისოსებს მიღმა წლები ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, – აცხადებს Amnesty International-ის წარმომადგენელი.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და საქართველოს სახალხო დამცველზე დაყრდნობით ამბობს, რომ გვარამის საქმეში ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული არ არსებობდა.

„Amnesty International ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც შექმნილია გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად“, – აცხადებს ორგანიზაცია.

Amnesty International-ის შეფასებით, ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის შეფასებით, გვარამიას საქმე ასევე ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი