ახალი ამბები

„წალენჯიხის მერს უყვარს თავისი რაიონი“ — ზარქუა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეფერხებაზე

19 მაისი, 2022 • 1116
„წალენჯიხის მერს უყვარს თავისი რაიონი“ — ზარქუა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეფერხებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, წალენჯიხა და ზუგდიდი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობას შეძლებენ.

რა მოხდა?

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი გამოეყო, ზუგდიდს კი — 948 000 ლარი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მისი დამტკიცება 1-ელ მაისამდე უნდა მოეხდინა, თუმცა მერიამ საკრებულოს დაგვიანებით მიმართა და საკრებულომ 11 მაისამდე საკითხის განხილვა ვერ მოახერხა. დადგენილ ვადებში საკითხის განხილვა ვერ მოასწრო ზუგდიდის საკრებულომ, რომელსაც ადგილობრივმა მერიამ ვადების დაცვით მიმართა.

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო და წალენჯიხის მერია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათი დაუდევრობით და საქმის უგულებელყოფით ადგილობრივი მუნიციპალიტეტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას კარგავდა.

ზუგდიდის საკრებულომ პასუხისმგებლობა მერიას დააკისრა, თქვა რა, რომ მერიას არც მომართვის წერილში და არც საკრებულოში განხილვის დროს არ გამოუხატავს პოზიცია, რომ აღნიშნული საკითხი დაჩქარებული წესით განხილვას საჭიროებდა. წალენჯიხის მერიამ კი წერილით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და სთხოვა, ტექნიკური დაგვიანება არ გახდეს პროგრამის დაუფინანსებლობის მიზეზი.

ამასთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში წარმოების პროცედურებისა და ვადის დარღვევის გამო დისციპლინური წარმოება დაიწყო.

„დავარქვათ გაუგებრობა“…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ 18 მაისს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შექმნილი პრობლემის მოგვარების მზაობა არსებობს.

„პირველივე დღიდან იყო მმართველი პარტიიდან რეაგირება. არ ვიცი, ვისი ბრალია, როგორ იყო, ფაქტია, ადგილობრივი მოსახლეობა იჩაგრება. დავარქვათ გაუგებრობა, რაც მოხდა. მე ზუსტად ვიცი, როგორც ზუგდიდის მერს, ასევე წალენჯიხის მერს, უყვარს თავისი რაიონი და მოსახლეობა და ყველაფერს გააკეთებს. ვიცნობ იმ ადამიანს… პრემიერის ინიციატივით, გვაქვს გარკვეული იმპულსები, რომ ეს თემა მოგვარდება და იმ რაიონებს დაუბრუნდება ეს თანხა, რომ მოსახლეობას მოახმაროს ღირსეულად“, — განაცხადა ზარქუამ.

მანამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი