ახალი ამბები

კანონპროექტი, რომელმაც შშმ პირთა ხელმოწერის საკითხი უნდა მოაწესრიგოს და კითხვები მის ირგვლივ

20 მაისი, 2022 • 1449
კანონპროექტი, რომელმაც შშმ პირთა ხელმოწერის საკითხი უნდა მოაწესრიგოს და კითხვები მის ირგვლივ

საქართველოს პარლამენტი აპირებს მიიღოს ახალი კანონი, რომელმაც წესით, უსინათლოთა და წერა-კითხვის არმცოდნე ადამიანებისთვის დოკუმენტებზე ხელმოწერის პროცედურა უნდა გაამარტივოს.

დღეს მოსახლეობის ნაწილისთვის პროცესი, როგორიცაა ამა თუ იმ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, ზოგჯერ კი საერთოდ ხელმიუწვდომელია — დღეს საქართველოს კანონი ბუნდოვნად არეგულირებს სმენადაქვეითებულთა, ყრუ და წერა-კითხვის არმცოდნე პირთა მიერ გარიგების დადების საკითხს.

არსებული ვითარების გამოსასწორებლად აქტივისტები დიდი ხანია იბრძვიან, პარლამენტი კი უკვე მეორედ მუშაობს შესაბამის კანონპროექტზე. პირველად ეს მცდელობა 2020 წელს დასრულდა. როგორც აქტივისტები ამბობენ, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს თავიანთი შენიშვნები მიაწოდეს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოსწორდება არსებული ვითარება და როდის იქცევა კანონპროექტი ქმედით კანონად. თუმცა, კანონპროექტის ავტორი, დეპუტატი რატი იონათამაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ საკითხის ამჟამინდელი რეგულირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და „როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, დროს ყოველთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს,“.

აქტივისტები და თემი კი არსებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ და ელოდებიან პარლამენტის მომავალ ნაბიჯებს.

რატომ ვერ გააუმჯობესებს კანონპროექტი ამ სახით უსინათლოთა უფლებრივ მდგომარეობას?

დღეს მოქმედი კანონი ფაქტობრივად არ არეგულირებს უსინათლო, სმენადაქვეითებული და წერა-კითხვის არმცოდნე ადამიანებისთვის გარიგების დადების საკითხებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლი მხოლოდ – „ზედაპირულად ეხება აღნიშნულს, დანარჩენი კი უმეტესწილად მოგვარებულია კანონქვემდებარე ნორმატიულია ქტებით, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ სფეროებს მოიცავს და არა ზოგადად ამ ურთიერთობებს.“

ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ დღეს არსებული პრაქტიკა ავალდებულეს უსინათლო თუ წერა-კითხვის არმცოდნე პირებს გარიგების დადების დროს დაისწრონ მოწმე, რითაც ირღვევა ხელშეკრულების პირობათა კონფიდენციალობა მაშინაც კი, როდესაც პირს, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა, დამოუკიდებლად შეუძლია დადოს გარიგება.

ამგვარი საკანონმდებლო ჩავარდნა წინააღმდეგობაში მოდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებთანაც.

ესმა გუმბერიძე ერთ-ერთია, ვინც შშმ პირთა უფლებებისთვის საქართველოში აქტიურად იბრძვის. ნეტგაზეთთან ის აღნიშნულ კანონპროექტზე საუბრისას ამბობს, რომ ამჟამინდელი დოკუმენტი არსებულ ვითარებას საერთოდ ვერ შეცვლის.

ხარვეზი კი არაერთია, მაგალითად:

„70-ე მუხლის მეორე ნაწილში წერია ასეთი რამ – „კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მიერ გარიგების წერილობით დადება დამოუკიდებლად ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით…“ ეს ნიშნავს, რომ რაღაც ჩამონათვალი უნდა არსებობდეს, რა შემთხვევებში შეეძლებათ უსინათლოებს ხელის მოწერა. ჯერ ერთი, ძალიან რთული იქნება ასეთი ამოუწურველი სიის გაკეთება, იმიტომ რომ უამრავი ხელშეკრულება და შეთანხმება შეიძლება არსებობდეს და მეორე, პრინციპში ამ კანონს არ ახლავს არანაირი ჩამონათვალი. ანუ გამოდის, რომ ვერასდროსაც ვერ შეძლებს უსინათლო დამოუკიდებლად ხელის მოწერას.

მეორე ნაწილი ამ მუხლის არის ასეთი – „თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით არ არის განსაზღვრული გარიგების დადების სხვაგვარი ფორმა ან/და წესი,“. ჩვენ ქვეყანაში არსებული სტიგმის გათვალისწინებით როდესაც უსინათლოებს წლების განმავლობაში ეწოდებოდათ წერა-კითხვის უცოდინარი – მარტივი წარმოსადგენია, რომ ბანკები, ნოტარიუსები, საავადმყოფოები უბრალოდ არ მიიღებენ უსინათლოების მხრიდან ხელმოწერას და იტყვიან, რომ ჩვენ გვირჩევნია, ვიღაც მინდობილი პირი გამოაგზავნო. ეს არის ერთი უდიდესი პრობლემა,“ – განმარტავს გუმბერიძე.

გუმბერიძე ასევე პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ კანონპროექტით შშმ პირებისგან ითხოვენ ნოტარიულად დამოწმებულ ფაქსიმილიას. იმავეს არ სთხოვენ შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე საჯარო თუ კერძო მოხელეებს, რომლებიც ასევე იყენებენ ფაქსიმილიას.

ესმა გუმბერიძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი

„ასევე პრობლემურია ის ტერმინები, რომელიც კანონპროექტის ტექსტში გამოიყენეს, მაგალითად, რომ მოწმე უნდა იყოს ქმედუნარიანი. მაშინ, როდესაც ქმედუნარიანობის რეფორმის გატარების შემდეგ, „ქმედუუნარო“ გაუქმდა და ქმედუნარიანი მაშინ რას ნიშნავს ამ სიტუაციაში, გაუგებარია. ასევე წერია „ფიზიკური ნაკლი“ — ეს ტერმინოლოგიაც ძალიან გაუმართავია და შინაარსობრივად, ხომ მით უმეტეს,“ – ამატებს გუმბერიძე.

ხარვეზიანობაზე საუბრისას, ის ასევე გვიხსნის, რომ კანონპროექტში წერია როგორც „წერა-კითხვის არმცოდნე“, ასევე „წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო“ – „რისი სამართლებრივი მოწესრიგებაც შინაარსობრივად, ერთი და იგივეა. ანუ პროცედურულად წერა-კითხვის მცოდნე და არმცოდნე უსინათლოსთვის არის ერთი და იგივე. და მაშინ რატომ არის საჭირო ამის ცალკე გამოყოფა?“.

პარლამენტარებთან კომუნიკაციის დროს, თემის წარმომადგენლებს თავიანთი შენიშვნების გადმოგზავნა შესთავაზეს. გუმბერიძე ამბობს, რომ ამისთვის განსაკუთრებით მოკლე პერიოდი – 1 კვირა მისცეს. თუმცა, 16 მაისამდე შენიშვნების გადაგზავნა მაინც მოახერხეს. ახლა ისინი ელოდებიან უკუკავშირს პარლამენტისგან.

როგორც შშმ პირთა უფლებების განხორციელებასა და რეალიზებაზე ზედამხედველობის ორგანო, პროცესში ასევე ჩართულია სახალხო დამცველიც. ამას ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ვალიკოვი.

ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველს თემმა მიმართა, მათ პარლამენტს თავიანთი მოსაზრებები და კომენტარები გაუზიარეს.

„ამ კონკრეტულ კანონპროექტს ამ წუთას, ჩვენ ვუყურებთ როგორც სამუშაო პროცესს და ველოდებით, როდის მოხდება ამ კომენტარების განხილვა, მათ შორის, კომიტეტის ფორმაში თუ ისე სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ყველანაირი ფორმატისთვის ვართ ღია და ველოდებით, რომ მოხდება ეს განხილვა, მოსაზრებების გაცვლა და კანონპროექტის დახვეწა,“ – ამბობს ნინო ვალიკოვი.

კანონპროექტის ავტორის პასუხი

საპასუხო კომენტარისთვის ნეტგაზეთი დაუკავშირდა კანონპროექტის ავტორს, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, რატი იონათამაშვილს. ჩვენთან წერილობით გამოგზავნილ პასუხში დეპუტატი ამბობს, რომ მათი მიზანია ისეთი სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რომლითაც უსინათლო და მცირემხედვველმა ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლონ ნებისმიერი გარიგების დადება

იონათამაშვილი ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის დღეს არსებულ რედაქციაში არსებობს ისეთი ჩანაწერები, „რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და არ მოდის თანხვედრაში კონვენციურ სტანდარტთან, რისი ღირებულებებითა და პრინციპებით ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ“.

„შესაბამისად, ჩვენ გავუზიარეთ აღნიშნული პროექტი დაინტერესებულ პირებს, გვქონდა კონსულტაციები სახალხო დამცველის ოფისთან. მივიღეთ შენიშვნა/მოსაზრებები, რისი დამუშავებაც ხდება ამ ეტაპზე და, ასევე, მივმართეთ კითხვით პარლამენტის კვლევით ცენტრს, რათა შევისწავლოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, თუ როგორ ხდება უსინათლო პირთათვის მსგავსი საკითხების დარეგულირება. ყველა ინფორმაციის თავმოყრის შემდეგ, აუცილებლად გვექნება ინტერესიური კომუნიკაცია თემთან და მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში სასაუბროდ, იქნება ეს დისტანციური პლატფორმა, საერთო შეხვედრა, თუ ნებისმიერი სხვა ფორმატი, რასაც საჭიროდ ჩათვლის თემი და მათი უფლებადამცველები,“

რატი იონათამიშვილი

„რაც შეეხება, პროექტის მიღების ვადებს, მე არ მსურს ვიჩქაროთ, მაგრამ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, დროს ყოველთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, საგაზაფხულო სესიაზე მისი დამტკიცება რეალურია. მთავარია, მივიღოთ ისეთი რედაქცია, რომელიც მისაღები, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც ამ ცვლილებების შედეგად დამდგარი სიკეთეები, საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს,“ – ნათქვამია წერილობით პასუხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი