ახალი ამბები

პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – „სირცხვილია“

17 მაისი, 2022 • 1361
პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – „სირცხვილია“

მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ მათი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე პოლიციელებმა დააკავეს და ბორკილებდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სირცხვილიას“ განცხადებით, შემთხვევა გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში მაშინ მოხდა, როცა გიორგი მჟავანაძე გამოწერილი ჯარიმის ჩასაბარებლად იყო მისული.

მათი თქმით, განყოფილებაში მისულ გიორგი მჟავანაძეს პოლიციელი ადგილზე არ დახვდა და სთხოვა, დალოდებოდა.

მათი ინფორმაციით, სწორედ ამ დროს, პოლიციის განყოფილების მისაღებში მყოფი სხვა პოლიციელი მჟავანაძეს მიუახლოვდა და მათ შორის დაახლოებით მსგავსი დიალოგი შედგა:

– რაზე ხარ მოსული?
– ვიღაც პოლიციელს ველოდები
– შენი ვიღაცაა პოლიციელი?
– სახელი და გვარი არ ვიცი.

ამის შემდეგ, გაღიზიანებულ პოლიციელს უერთდება რამდენიმე თანამშრომელი, გიორგის აგდებენ შენობიდან და “ამას რას ელოლიავებით, დააკავეთ” ბრძანების შემდეგ ადებენ ხელბორკილებს“, – აცხადებს „სირცხვილია“.

მათივე ინფორმაციით, ბორკილებდადებულ გიორგი მჟავანაძეს სამმა პოლიციელმა რამდენჯერმე სახეში ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა.

მათივე განცხადებით, ინციდენტი პოლიციის განყოფილების პირველ სართულზე, განყოფილების ცენტრალური შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. თუმცა, მათივე ცნობით,  გიორგი მჟავანაძეს პოლიციამ განუცხადა, რომ განყოფილების შენობაში და მის მიმდებარედ კამერები გამორთულია.

როგორც „სირცხვილია“ ამბობს, ამჟამად, გიორგი  მჟავანაძე ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და მოძრაობის ადვოკატი უკვე დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველის აპარატს.

„პოლიცია რომ თავად არის დანაშაულის ჩამდენიცა და დამფარავიც, ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა, ჩვენი მოძრაობის წევრებზე მიზანმიმართულ დევნასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აუცილებლად გაეცემა პასუხი მოძრაობის მხრიდან! დეტალების გარკვევისთანავე მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს „სირცვხილია“.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გიორგი მჟავანაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კი ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი