ახალი ამბები

კობახიძე „დარწმუნებულია“, რომ პრეზიდენტი გვარამიას არ შეიწყალებს

17 მაისი, 2022 • 474
კობახიძე „დარწმუნებულია“, რომ პრეზიდენტი გვარამიას არ შეიწყალებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს. ამის შესახებ მან დღეს, 17 მაისს, განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ბილწისტყვაობით“ გამოირჩეოდა, რითიც შეუარაცხყოფას პრეზიდენტის ინსტიტუტსაც აყენებდა. კობახიძის თქმით, ამის შემდეგ თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს არ იცავს.

„რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივა. უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი, გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ პირდაპირ ბილწსიტყვაობით. როცა გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც უბრალო მოქალაქისთვის ამის ნიშანი და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. რა თქმა უნდა, პერზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწისტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ჩამოგვეშლება ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტები. ის ვინც, ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ბუნებრივია, შეწყალების საგანი არ შეიძლება გახდეს“, – განაცხადა კობახიძემ.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი