ახალი ამბებიკომენტარი

ან განაცხადის შეგნებული საბოტაჟია ან პიროვნული ანგარიშსწორება — ზურაბიშვილი გვარამიას დაკავებაზე

16 მაისი, 2022 • 1647
ან განაცხადის შეგნებული საბოტაჟია ან პიროვნული ანგარიშსწორება — ზურაბიშვილი გვარამიას დაკავებაზე

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას დაკავებას ცალსახა პოლიტიკურ დევნად აფასებს და ამბობს, რომ ეს პროცესი ქვეყანას დააზიანებს.

„პოლიტიკური მოტივი ამ საქმეში კაშკაშებს და ბრწყინავს. გარკვეული თანხები იქნა გამოყენებული, შეიძინეს მანქანა, რომელიც იყო “რუსთავი 2”-ის ბალანსზე და იმ მანქანით სარგებლობდა თურმე გვარამიას ოჯახი თურმე — ამის გულისთვის ადამიანს სვამენ ციხეში სამი წლით. პოლიტიკური მოტივი თუ არ არის, რა არის აბა სხვა? ამას რომ აკეთებ მაშინ, როდესაც ევროკავშირში განაცხადი გაქვს გაკეთებული, კითხვარს ავსებ და დღე-დღეზე პასუხს ელი, ეს არის ან განაცხადის შეგნებული საბოტაჟი ან პიროვნული ანგარიშსწორება — იმდენად სხვაგან ხარ საერთოდ და იმდენად ვერ იტან [გვარამიას], საერთოდ არ გენაღვლება ქვეყნის ამბები. მე პირადად უფრო მეორე მგონია, მაგრამ ასეა თუ ისე, ქვეყნისთვის ყველა ვარიანტში არის ცუდი. თავი დავანებოთ, რომ გადაწყვეტილება აშკარად უსამართლოა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს პიროვნული ანგარიშსწორება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მტრად თვლის. ზურაბიშვილის აზრით, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ უკრაინაში ომის ფონზე დასავლეთი ზეწოლას არ განახორციელებდა საქართველოზე იმის შიშით, რომ ქვეყანას კურსი არ შეეცვალა და მომენტით სარგებლობა გადაწყვიტა.

„არა მგონია, რომ ღრმა ჩანაფიქრები იყოს. უფრო ფეხებზე ჰკიდია და ჰგონია, რომ გაუვა. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებისეული სტილია ეს. ვიღაცაზე ძალიან თუ გაბრაზდება, უნდა მისი დაჭერა და ავალებს სასამართლოს კლანს, რომელიც პირადად მას ექვემდებარება. ეს ვიცი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მაგალითად ვანო მერაბიშვილის კაბინეტში იჯდა ყოველდღე და ეუბნებოდა, კონკრეტულ ადამიანზე, დაიჭირეთ ეს კაცი, დაიჭირეთ ეს კაცი და სანამ არ დააჭერინა, არ მოეშვა… ასე სჯის ადამიანებს, ვისაც მტრად მიიჩნევს. ახლა ჩათვალა, რომ არის კარგი მომენტი — ომის სიტუაციაა, დასავლეთში შეეშინდებათ, თუ ზეწოლას განვახორციელებთ, რუსეთისკენ არ გადაიხაროს და მომიფრთხილდებიანო… და რახან რუსეთში არ მივდივარ, ამას მაინც დავიჭერ“, — ამბობს ზურაბიშვილი.

სიტუაციის გართულების შემთხვევაში ის არ გაორიცხავს, ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალოს.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წარსულში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” (TI) და სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოში, სასამართლოს მეგობრის(Amicus Curiae) ფორმატში, ორი მოსაზრება წარადგინეს.

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავდა, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.

სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ კანონმდებლობებისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი