ახალი ამბები

მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს

15 მარტი, 2022 •
მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს

რუსეთის პირველი არხის რედაქტორი, რომელმაც გუშინ საინფორმაციო გადაცემის მიმდინარეობისას ანტისაომარი ბანერი პირდაპირ ეთერში გაშალა, 30 000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Настоящее Время ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტი, რომელიც გუშინ, 14 მარტს დააკავეს, ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და 30 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრეს. მას სასამართლო ედავებოდა „საჯარო ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც წინასწარ შეთანხმებული არ იყო“.

პროცესიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს ყველაზე მძიმე ღამე იყო მის ცხოვრებაში. ოვსიანიკოვას თქმით, იზოლატორში არ ეძლეოდა შესაძლებლობა, დაჰკავშირებოდა ახლობლებს და არც იურიდიული დახმარება გაეწია.

როგორც BBC წერს, აღნიშნული ჯარიმა ჟურნალისტს ბანერის გაშლამდე ჩაწერილი ვიდეომიმართვის გამო დაეკისრა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ნათელი არაა, წაუყენებენ თუ არა ახალ ბრალს ჟურნალისტს ბანერის შინაარსის გამო. BBC აღნიშნავს, რომ უფლებადამცველები შიშობენ, შესაძლოა ოვსიანიკოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსითაც წარედგინოს.

მარინა ოვსიანიკოვა გუშინ, პირდაპირი ეთერის გასვლის შემდეგ მალევე დააკავეს. ჟურნალისტს დღევანდელი დღის შუადღემდე ადვოკატები ვერ უკავშირდებოდნენ.

პლაკატზე ეწერა, რომელიც ჟურნალისტს ეჭირა, ეწერა – „არ დაუჯეროთ პროპაგანდას“ და „აქ თქვენ გატყუებენ“.

მან სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობისთვის და უკრაინაში ომის დაწყებაში პუტინს ადანაშაულებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი მკაცრად გმობს ჟურნალისტების დაკავებას, ისევე როგორც,ყოველგვარ მანიპულაციებს, და აღნიშნავს, რომ გეგმავს გადადგას დიპლომატიური ნაბიჯები:

„ვგეგმავთ გადავდგათ დიპლომატიური ნაბიჯები, რათა ოვსიანიკოვას დაცვა შევთავაზოთ საელჩოში ან თავშესაფარში“, – თქვა ემანუელ მაკრონმა და აღნიშნა, რომ გეგმავს, ჟურნალისტის საკითხი დასვას ვლადიმერ პუტინთან მორიგი სატელეფონო საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი