ახალი ამბები

„ახალი ერა იწყება“ — ფინეთი ნატოს წევრობაზე ოფიციალურად მიმართავს

15 მაისი, 2022 •
„ახალი ერა იწყება“ — ფინეთი ნატოს წევრობაზე ოფიციალურად მიმართავს

ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ოფიციალურად დაადასტურა.

ოფიციალური განცხადება ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა გააკეთეს.

„ეს ისტორიული დღეა. იწყება ახალი ერა“, — განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას.

მთავრობის განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მინისტრთა კომიტეტმა დაასრულეს მოხსენება ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ, რომელიც წარედგინება პარლამენტს მას შემდეგ, რაც მას მთავრობის სრული შემადგენლობა დაამტკიცებს.

შეხვედრაზე ნიინისტო და მინისტრთა კომიტეტი შეთანხმდნენ, რომ ფინეთი გაწევრიანებაზე განაცხადს შეიტანს მას შემდეგ, რაც პარლამენტს მოუსმენენ, სავარუდოდ მომავალ კვირას.

პარლამენტი საკითხის განხილვას ორშაბათს დილიდან იწყებს.

რუსეთის მიერ ჯერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების, შემდეგ კი ფართომაშაბიანი ომის ფონზე გააქტიურდა დისკუსია ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ ისინი წევრობაზე განაცხადს შეიტანენ, შესაძლებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

ნატო-ში ფინეთის გაწევრიანება ისტორიული მოვლენა იქნება, ვინაიდან რუსეთის მეზობელ სკანდინავიურ ქვეყანას (დაახლოებით 1300-კილომტრიანი საზღვარი აქვთ) ათწლეულების მანძილზე სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჰქონდა დეკლარირებული.

თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფინეთში საზოგადოების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით 30%-დან თითქმის 80%-მდე გაიზარდა.

მას შემდეგ, რაც ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, რუსეთის პრეზიდენტსა და მის ფინელ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც კრემლი აცხადებს, ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და ნატო-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რამაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი