აშშ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის გასარვევად მუშაობს. ამის შესახებ თეთრი სახლისა და პენტაგონის პრესსპიკერებმა განაცხადეს.
„ვფიქრობ, ეჭვგარეშეა და თქვენ ეს ნახეთ ნატო-ს რიგი ლიდერების საჯარო განცხადებებიდან, რომ არსებობს ფართო მხარდაჭერა ფინეთისა და შვედეთის მიმართ ნატოში გაწევრიანების შესახებ გამოცხადებულ ინტერესზე“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ და აღნიშნა, რომ აშშ „თურქეთის პოზიციის გასარკვევად მუშაობს“.
პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ მუშაობს ანკარას პოზიციის „უკეთესად გასაგებად“.
„თურქეთი ნატოს ღირებული მოკავშირეა, ეს არ შეცვლილა. ისინი იყვნენ ჩართულნი და დაეხმარნენ რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დაწყების მცდელობაში და მათ დახმარება გაუწიეს უკრაინას. ასე რომ, ნატოს ალიანსში მათ პოზიციაზე არაფერი იცვლება“, – განაცხადა კირბიმ.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.
ერდოღანის თქმით, ნატო-ს წევრი თურქეთისთვის შეუძლებელია, მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს, რადგან სკანდინავიური ქვეყნები „ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია“.
ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ალიანსში გაწევრიანებისთვის განაცხადს ქვეყნის პარლამენტიც დაამტკიცებს. მოსალოდნელია, რომ ფინეთის მსგავსად, ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს შვედეთის მთავრობაც.
ორი სკანდინავიური ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას ანალიტიკოსები ისტორიულ მოვლენად აფასებენ გამომდინარე იქიდან, რომ ათწლეულების მანძილზე ქვეყნებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჰქონდათ დეკლარირებული. თუმცა უკრაინაში რუსეთის ომმა ფინეთი და შვედეთი დააფიქრა უსაფრთხოების პოლიტიკის გადახევდაზე.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ფინეთსაც და შვედეთსაც გაშლილი ხელით შევხვდებიან, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ. მისი თქმით, ფინეთისთვის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი მშვიდი და სწრაფი იქნება.
გირჩევთ წაიკითხოთ:
რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის