ახალი ამბები

შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

13 მაისი, 2022 • 1222
შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

ერდოღანის თქმით, ნატო-ს წევრი თურქეთისთვის შეუძლებელია, მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს, რადგან სკანდინავიური ქვეყნები „ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია“.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ოფიციალურად უჭერს მხარს ალიანსის გაფართოებას მას შემდეგ, რაც ნატო-ში გაწევრიანდა, მისმა წინააღმდეგობამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნას შვედეთსა და ფინეთს, რადგან ახალი წევრების მისაღებად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

„ჩვენ ვაკვირდებით შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბულში და დასძინა, რომ წარსულში ნატო-ს შეცდომა საბერძნეთის წევრად მიღება იყო.

„როგორც თურქეთს, ჩვენ არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროა…. ისინი ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტის წევრებიც კი არიან. შეუძლებელია, ჩვენ ამის მომხრე ვიყოთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც Reuters წერს, ერდოღანს სხვა დეტალები არ დაუსახელებია.


ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ალიანსში გაწევრიანებისთვის განაცხადს ქვეყნის პარლამენტიც დაამტკიცებს. მოსალოდნელია, რომ ფინეთის მსგავსად, ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს შვედეთის მთავრობაც.

ორი სკანდინავიური ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას ანალიტიკოსები ისტორიულ მოვლენად აფასებენ გამომდინარე იქიდან, რომ ათწლეულების მანძილზე ქვეყნებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჰქონდათ დეკლარირებული. თუმცა უკრაინაში რუსეთის ომმა ფინეთი და შვედეთი დააფიქრა უსაფრთხოების პოლიტიკის გადახევდაზე.

როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ფინეთსაც და შვედეთსაც გაშლილი ხელით შევხვდებიან, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ. მისი თქმით, ფინეთისთვის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი მშვიდი და სწრაფი იქნება.

გირჩევთ წაიკითხოთ:

რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი