ახალი ამბები

დნესტრისპირეთში კომისარიატს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

13 მაისი, 2022 • 647
დნესტრისპირეთში კომისარიატს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

რუსული კრემლისტური საინფორმაციო საშუალება Ria Novosti-ს თანახმად, მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში, უცნობმა პირებმა საწვავის საცავისა და სამხედრო კომისარიატის შენობის დაწვა სცადეს.

გამოცემის თანახმად, რომელიც დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყრდნობა, პარასკევს, დილის 04:15 საათზე, საწვავის საცავთან მანქანა გაჩერდა, საიდანაც ისროლეს მოლოტოვის კოქტეილი და გაუჩინარდნენ. ცეცხლი მხოლოდ საცავს მოედო, რომელიც მალევე ჩააქრეს.

მოგვიანებით, ნახევარი საათის შემდეგ, კვლავ უცნობმა პირებმა ესროლეს მოლოტოვის კოქტეილები სამხედრო კომისარიატის შენობას, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა კვლავ სწრაფად მოხერხდა.

ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.

დე ფაქტო უწყებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ სამხედრო კომისარიატის შენობებზე მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმები გახშირდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც 9 მაისს მინიმუმ მე-7 შენობას ესროლეს მოლოტოვის კოქტეილი.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დნესტრისპირეთში ვითარება რამდენიმეჯერ დაიძაბა.

25-26 აპრილს რეგიონში  სამი ტერაქტი მოხდა. უცნობმა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ტირასპოლში მდებარე დე ფაქტო უშიშროების სამინისტროს შენობას, მომდევნო დღეს კი ააფეთქეს ორი რადიოანძა, რომლებიც რუსეთის რადიოს სიგნალს გადასცემდნენ.

ტერაქტები დაგმო მოლდოვის ხელისუფლებამაც და გარედან მოწყობილი უწოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვაში, ისევე როგორც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.

ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ასევე ეთნიკურად დასახლებულ გაგაუზიაშიც, რომელიც მოგვიანებით ფართო ავტონომიის პირობით, მშვიდობიანი გზით, დაბრუნდა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სფეროში.

დნესტრისპირეთში დაპირისპირება საბოლოოდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რის შემდეგაც რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდნენ.

რეგიონის მკვლევართა, პოლიტიკოსთა და დიპლომატთა ნაწილის შეფასებით, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გაღრმავება რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი, რათა, როგორც სხვა რესპუბლიკებში, მოლდოვაშიც მოეპოვებინა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ბერკეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი